„გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა ფრან ესკრიბამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პენალტების იდეალურად შესრულება გიორგი წიტაიშვილსაც შეუძლია.
ბოლო ტურში ლუკას ბოიემ მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გაიტანა, რის გამოც ესკრიბას „მალაგასთან“ მატჩის წინ პენალტისტის შესახებ ჰკითხეს:
„ლუკასს ვენდობი, ის პენალტების შესანიშნავი შემსრულებელია. ნებისმიერი დონის, ყველა ფეხბურთელი აფუჭებს პენალტს, ლუკასი შესანიშნავი დამრტყმელია, რომელსაც ვენდობით. თუ შემდეგი პენალტის დროს მოედანზე იქნება და მისი შესრულების სურვილი ექნება, ჩვენ პრობლემა არ გვექნება.
რა თქმა უნდა, ჩვენს უკან ყოველთვის დგას ვიღაც და ძალიან კარგი დამრტყმელები გვყავს, ლუკასი ერთ-ერთი მათგანია, საიმედოა. ვფიქრობ, საკმარისი მიზეზია, რომ მან გააგრძელოს პენალტების შესრულება, მაგრამ ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ ვინაა მოედანზე, რადგან არიან ფეხბურთელები, რომლებიც პენალტებს ასევე კარგად ასრულებენ, ვგულისხმობ გიოს, მას შეუძლია პენალტების იდეალურად შესრულება, აგრეთვე, ნებისმიერ თავდამსხმელს, ისინი მიჩვეულები არიან პენალტების შესრულებას“, - განაცხადა ესკრიბამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„გრანადა“ 59 ქულით მეექვსე ადგილზეა, პლეი-ოფის ზონაში და სწორედ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად იბრძვის, რათა ლა ლიგაში გადასვლის შანსი პლეი-ოფიდან ჰქონდეს. ფრან ესკრიბას გუნდი მომდევნო ტურში 3 მაისს, „მალაგას“ ესტუმრება.