ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის დამატებას გეგმავს.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს სერბი ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი და რანდალ კოლო მუანი დატოვებენ, რომელიც იჯარის წესით თამაშობს "ბებერ ქალბატონში". ფრანგი ფეხბურთელი "პარი სენ-ჟერმენის" საკუთრებაა.
როგორც ცნობილი ხდება, "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ფორვარდის ძიებას უკვე შეუდგა და ოთხი კანდიდატიც შერჩეული ჰყავს. იტალიური გამოცემას თუ დავუჯერებთ, "ლიონის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სწორედ ამ სიაშია. მის გარდა, "იუვე" ლუის ოპენდას, ვიქტორ ბონიფასის და არნაუდ კალიმუენდოს ვარიანტს განიხილავს.
ცნობისთვის, ტურინის "იუვენტუსი" მიქაუტაძის შეძენით 2023 წელსაც იყო დაინტერესებული, იქამდე სანამ ქართველი "აიაქსში" გადავიდოდა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 31 მატჩი, 10 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.