ფეხბურთი

18:40 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი: "ბარსელონა" ლევანდოვსკით თუ მის გარეშე, ძალიან ძლიერია"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ჯერ არ იცის, შეძლებენ თუ არა, ლაუტარო მარტინესი და ბენჟამინ პავარი თამაშს:

„ლაუტაროს და პავარის საკითხს, მათთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად გადავწყვეტ. მათ უნდა მითხრან, როგორ არიან. პავარმა გუშინ გუნდთან ერთად იმუშავა, ლაუტაროს „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ არ უვარჯიშია, მაგრამ დღეს ვნახოთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ჯერ კიდევ ვფიქრობთ 2023 წლის ფინალზე, ჯერ კიდევ ჩვენშია ის მატჩი, დასავიწყებლად რთული ფინალი იყო, რადგან შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ აწმყოთი ვცხოვრობთ და ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ: თასამდე ორი მატჩი გვაშორებს. რეკორდები და ტიტულები კარგია, შრომა გიფასდება. ვიცით, რომ აქამდე მოსვლა მარტივი არ იყო. სეზონის დასაწყისში ყველა გუნდი რაღაცის მოგებას ცდილობს და ჩვენ ყველა ფრონტზე კონკურენცია შევძელით, ერთი ტურნირი მეორეზე წინ არ დაგვიყენებია.

ლაუტარი იქნება თუ არა ძირითადში, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თავს როგორ იგრძნობს. ფეხბურთელი, რომელსაც ძირითადში თამაში არ შეუძლია, რთულია დაგეხმაროს თამაშის მსვლელობისას, ეს როგორც ლაუტაროს, ასევე, პავარს ეხება.

ლევანდოვსკის შესაძლებლობები ვიცით, მსოფლიოს 3-4 საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა. პირველ მატჩში ფერან ტორესმა ითამაშა, ძალიან მაღალ დონეზე. „ბარსელონამ“ ლევანდოვსკის გარეშე პრაქტიკულად ყველა მატჩი მოიგო, შესაბამისად, ლევანდოვსკით თუ მის გარეშე, ძალიან ძლიერია.

იამალის შეჩერება რთული იქნება, მაგრამ გვინდა, რომ ბურთთან ხშირად შეხების საშუალება არ მივცეთ. თანამედროვე ფეხბურთში ეს ძნელია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, ვეცდებით ორმაგი მეურვეობით ვეთამაშოთ. ის დიდი ტალანტია, მისი აზროვნების სიჩქარე შთამბეჭდავია. როდესაც ბურთს იღებს, უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს. ჯერ კიდევ უნდა გადავწყვიტო ვინ ითამაშებს დიმარკოსა და კარლოს აუგუსტოს შორის, ხვალ გადავწყვეტ, თუმცა, ორივეს ერთად თამაშიც შეუძლია“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 6 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167211