ფეხბურთი

20:28 | 5.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

აშვეთია: "იზმაილოვს ნახევარი გუნდის მოტყუება შეეძლო, კვარაცხელიაც ასეთი ფეხბურთელია"

„სამტრედიას“ მთავარმა მწვრთნელმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ აშვეთიამ რუსულ გამოცემა Championat-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე და საქართველო-რუსეთის შესაძლო ამხანაგურ თამაშზეც...

„შეიძლება ამ თამაშის ჩატარება გვინდოდეს, მაგრამ პოლიტიკა ამის საშუალებას არ გვაძლევს. სამწუხაროა, რომ ამან სპორტში შეაღწია. თუ ახლა რუსეთთან მატჩს მოვაწყობთ, ნახევარი საქართველოს გაბრაზდება. პოლიტიკა ყველგანაა. მთელ მსოფლიოში სიგიჟეები ხდება. იმედი მაქვს, მალე მშვიდობა დაისადგურებს და ხალხი აღარ დაიხოცება.

მოსკოვის „ლოკომოტივში“ ყველაზე ნიჭიერი მარატ იზმაილოვი იყო, ნახევარი გუნდის მოტყუება შეეძლო, ის თავისი ნიჭით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა, ასეთი გარემარბების დეფიციტია, რომლებსაც 2-3 ფეხბურთელის მოტყუება შეუძლიათ, კვარაცხელიაც ასეთია. დღეს ფეხბურთში ტაქტიკაა მთავარი, ძალიან ცოტა ინდივიდუალისტებია, მაგალითად, როგორებიც იზმაილოვი, ბუზნიკინი, კვარაცხელია ან იამალი არიან. ფეხბურთი შეიცვალა.

მესხი არ მახსოვს, მაგრამ 80-იან წლებში ბევრი ვარსკვლავი გვყავდა: ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, დარასელია. ძველი ჩანაწერების მიხედვით, რაც ვნახე, ხვიჩას ყიფიანს შევადარებდი. იმედია არავინ განაწყენდება, მაგრამ ვფიქრობ, თუ კვარაცხელია ასე გააგრძელებს, ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. იტალიაში ის მაშინვე გახდა ჩემპიონი და ახლა ძალიან კარგ ხელშია - მწვრთნელთან, რომელიც მას აფასებს. ლუის ენრიკეს ფილოსოფიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან იცის, რომ ხვიჩა გუნდში მთავარი ფიგურაა. ჩემი აზრით, არსენალთან მატჩში ის მოედანზე საუკეთესო იყო - შეტევაში თავისი საქმე კარგად შეასრულა და დაცვაშიც ძალიან დაეხმარა გუნდს. ადრე ეს მისთვის მინუსი იყო. სპალეტიმ ეს ასპექტი გამოასწორებინა. გარდა ამისა, ახლა ორივე ფლანგიდან თანაბრად ეფექტურად შეუძლია შეტევა. დღეს მას თავის არსენალში გაცილებით მეტი იარაღი აქვს. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ბევრი კარგი ფეხბურთელი. ალბათ გსმენიათ გიორგი ქინქლაძის შესახებ?

აბსოლუტურად სწორია, რომ ხვიჩა პსჟ-ში გადავიდა. კონტე შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც შედეგებზეა ორიენტირებული და ახლა ამას ნაპოლიში ამტკიცებს. თუმცა, ბოლო დროს ხვიჩა იტალიაში დიდად კარგად ვერ თამაშობდა. ესპანური ფეხბურთი მას უფრო უხდება. ლუის ენრიკე ესპანელია და ესპანურად თამაშობს. როგორც გვარდიოლა, როგორც არტეტა. თავად ენრიკემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩას ნაპოლიში გადასვლამდეც აკვირდებოდა. ეროვნული ნაკრების თამაშებში კვარაცხელიამ მისი ყურადღება მიიპყრო და როდესაც მისი პსჟ-ში წაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა, ენრიკემ ყველაფერი გააკეთა ამის განსახორციელებლად“, - თქვა აშვეთიამ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095269