იტალიის სერია A-ს 35-ე ტური „ჯენოასა“ და „მილანის“ მატჩით დაიხურა, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს.
სერჟიო კონსეისაოს გუნდს ჩვევად ექცა: ჯერ უნდა გაუშვას და მერე აქამბექებს. ახლაც ასე იყო. 61-ე წუთზე „ჯენოა“ ვიტინიას გოლით დამსახურებულად დაწინაურდა, რადგან მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. თუმცა, „როსონერიმ“ 76-ე და 77-ე წუთებზე, ძალიან მოკლე მონაკვეთში ორჯერ გაიტანა. ჯერ რაფაელ ლეაომ დალაშქრა მეტოქის კარი, შემდეგ მორტენ ფრენდრუპმა საკუთარი გუნდის კარში გაიტანა.
„მილანმა“ 57 ქულა დააგროვა და ისევ მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 9 მაისს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს, რომელსაც სხვათა შორის, 14 მაისს, იტალიის თასის ფინალშიც შეხვდება. „ჯენოამ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, მაგრამ 39 ქულით მე-13 ადგილზეა და გავარდნა ნამდვილად არ ემუქრება.