ფეხბურთი

17:30 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

აშრაფ ჰაკიმი: "მოუთმენლად ველოდებით მატჩს და ფინალში გასვლას"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მაროკოელმა მცველმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდებიან მატჩს და ფინალში გასვლა სურთ.

„გუნდი თავდაჯერებულია, ნამდვილად მოუთმენლად ველოდებით მატჩის დაწყებას და იმის ჩვენებას, რაც ყველას, ჩვენ, პარიზელებს გვინდა, კერძოდ, ფინალში გასვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. შარშან ნახევარფინალში თამაშის შემდეგ ამჯერად სიმშვიდის შეგრძნება გვაქვს, რაც ხვალ დაგვეხმარება.

სეზონის განმავლობაში ვითამაშეთ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან სტანდარტულ სიტუაციებში და თავს საკმაოდ კარგად ვიცავდით. ხვალ მთავარი ის იქნება, რომ მათ თავიანთი ძლიერი მხარეების გამოვლენის საშუალება არ მივცეთ.

დემბელეზე ბევრი დასამატებელი არაფერია, ის განსხვავებული ფეხბურთელია, ბურთით გენიოსია, რომლის საყურებლად ხალხი სტადიონზე დადის. გამოჯანმრთელდა, ვესაუბრე და თავს კარგად გრძნობს. გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს, თუ ის ვერ ითამაშებს, მოედანზე სხვა იქნება. დემბელე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც მოედანზეც და მის მიღმაც გვეხმარება.

ვფიქრობ, მატჩის წინ დადებითი წნეხია, რადგან ასეთ მატჩებში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ეს უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი თამაშის სტილი არ შეიცვლება. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ სტილი არ უნდა შეიცვალოს, ხვალაც იგივე იქნება. ჩვენი გულშემატკივარი შესანიშნავია, ისინი ხვალ ძალიან დაგვეხმარებიან და იმსახურებენ, რომ მათ ფინალის საგზური მოვუტანოთ.

მე ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელი ვარ, შემიძლია დავეხმარო ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკლები გამოცდილება აქვთ, რათა სიმშვიდე შეინარჩუნონ, მივცე მათ მოტივაცია.

ჯიჯო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ჩვენ მას ძალიან ვენდობით. ზოგიერთს ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ ჩვენ არა, ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ასეთი დონის მეკარის ყოლა მატჩების დროს დიდ სიმშვიდეს გვაძლევს.

ჩემი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ძალიან კარგი მწვრთნელი მყავდა და თითოეული მათგანის ძალიან მადლიერი ვარ. ყველა ეტაპზე რაღაცას ვსწავლობდი. ამჟამად ლუის ენრიკემ ისეთ დონეზე ამიყვანა, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. მისი წყალობით, უფრო სრულყოფილი ვარ, ის თავისუფლება მომცა, რომელიც მჭირდებოდა“, - თქვა ჰაკიმიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096273