ფეხბურთი

22:53 | 6.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: "პარიზში გამარჯვებისთვის, ისტორიის დასაწერად ვართ, ამ გუნდებს შორის მცირე სხვაობაა"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, პარიზში გამარჯვებისთვის არიან და სურთ დაამტკიცონ, რომ ფინალში გასვლას იმსახურებენ:

„უზარმაზარი ენთუზიაზმი და ენერგია გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი გამარჯვება გვაშორებს, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, დიდ მეტოქესთან - ამაზე უკეთესი არაფერია. აქ გამარჯვებისთვის, ისტორიის დასაწერად ვართ და ხვალ დიდი შესაძლებლობა გვაქვს. გვაქვს პირველი მატჩის შედეგი, რომლის მიხედვით ნათელია, თუ რა უნდა გავაკეთოთ. პირველი თამაშიდანაც ბევრი ვისწავლეთ და გავიგეთ რამდენად მცირე სხვაობაა ამ ორ გუნდში. ჩემი აზრით, პირველი შეხვედრის შედეგი ძალიან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ასე რომ, კიდევ ერთი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს დავამტკიცოთ და ფინალში მოხვედრის უფლება მოვიპოვოთ.

დიახ, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მშვენიერი თამაშია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფინალამდე ერთი გამარჯვება გვაშორებს. საუბრის დრო არაა, ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, საუკეთესო, საუკეთესო, საუკეთესო ვერსია და თამაში მოვიგოთ.

ლუის ენრიკესთვის დაბადების დღის ჩაშლა? საამისოდ საჭიროა, მათზე უკეთესები ვიყოთ. ვიცით, რა შეგვიძლია. ეს პირველ მატჩშიც ბევრ მომენტში ვაჩვენეთ, გარდა პირველი 15 წუთისა, როდესაც გარკვეული სირთულეები შეგვექმნა. ხვალ კი, როგორც ვთქვი, სრული სიცხადე გვექნება, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს და რამდენად უნდა დავტკბეთ ამ მომენტით, რათა საკუთარი თავისგან საუკეთესო ვაჩვენოთ.

როგორც ვთქვი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოსახვედრად, მთელი ტურნირის განმავლობაში რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო. ჩვენ ბევრი შესანიშნავი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ხვალ პარიზში, ამ გუნდის წინააღმდეგ, ამის გაკეთების მომენტია და შესაძლებლობაა ისტორიის შესაქმნელად.

ტიტულების მოსაგებად საჭირო შესაფერისი მომენტიცაა. „ლივერპულმა“ პრემიერლიგა იმაზე ნაკლები ქულით მოიგო, ვიდრე წინა ორ სეზონში იყო საჭირო. ბოლო ორი სეზონის ქულებით ამ სეზონის მიხედვით პრემიერლიგას ორჯერ მოვიგებდით. ასე რომ, საჭიროა სწორ მომენტში სწორ ადგილას იყო. იმედია, ხვალ, პარიზში, სწორ მომენტში, სწორ ადგილას ვიქნებით, რათა ფინალში გავიდეთ.

სტადიონზე მშვენიერი ატმოსფერო იქნება, ეს არის უზარმაზარი კლუბი დიდი ისტორიით. ძალიან გამიმართლა, რომ აქ 18 თვე გავატარე, ძალიან ვისიამოვნე და ლამაზი მოგონებები მაქვს ამასთან დაკავშირებით, აქ დაბრუნება შესანიშნავია.

კალაფიორი გამოჯანმრთელდა და მატჩისთვის მზადაა, ტიმბერის მდგომარეობა კი, ჯერ უნდა შევაფასოთ და გავიგოთ, შეძლებს თუ არა, ძირითადი შემადგენლობიდან თამაშს“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ მატჩი 7 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17426