„ბარსელონას“ მცველმა ინიგო მარტინესმა „ინტერთან“ მატჩის (3:4) შემდეგ ისაუბრა. მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როცა იტალიელთა მეორე გოლის შემდეგ ფრანჩესკო აჩერბისთან იკამათა.
ინიგომ აღნიშნა, რომ აჩერბისთვის პირდაპირ არ შეუფურთხებია, თორემ ასე რომ ყოფილიყო, მსაჯი წითელ ბარათს უჩვენებდა:
„აჩერბიმ გოლი პირდაპირ ჩემს წინაშე იზეიმა, გამიზნულად, რომ პროვოცირება მოეხდინა. თუმცა, ჩემი მხრიდან უადგილო რეაქცია იყო, მაგრამ მისთვის არ შემიფურთხებია, ასცდა, მის გვერდით დაეშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამაძევებდნენ, ეჭვგარეშეა“, - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში 6:7 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო „ინტერი“ ფინალში 31 მაისს, „პარი სენ-ჟერმენს“ ან „არსენალს“ შეხვდება.