„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მსაჯის გადაწყვეტილებების გამო ვერ გავიდა.
ლაპორტა ფიქრობს, რომ „ინტერთან“ მარცხში მთავარი დამნაშავე პოლონელი არბიტრი შიმონ მარჩინიაკია:
„ფინალში გასვლისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, ძირითადად, მსაჯების გადაწყვეტილებებითაა განპირობებული, რომლებმაც ზიანი მოგვაყენა. ამან უნდა გაგვაძლიეროს, ლა ლიგის მოსაგებად სწორი მენტალიტეტი გვჭირდება“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ინტერთან“ ორი მატჩის ჯამში 6:7 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო „ინტერი“ ფინალში 31 მაისს, „პარი სენ-ჟერმენს“ ან „არსენალს“ შეხვდება.