ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ შესახებ ისაუბრა. მან მოკლე ანალიზი გაუკეთა ორივე გუნდს.
კაპელო ფინალში თანაბარ თამაშს ელოდება, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს:
„თანაბარი ფინალი იქნება, მაგრამ ყველაფერი, როგორც ყოველთვის ნახევარდაცვიდან იწყება. ბარსელონაში ინძაგის ნახევარმცველების ტრიომ ბევრი იტანჯა, მაგრამ მილანში მათ კარგი თამაში ჩაატარეს. ფინალში კი ერთი მატჩია, არც სახლის უპირატესობა იქნება, ამიტომ, ღია ფინალი გველოდება. მიუხედავად იმისა, რომ „ინტერის“ ნახევარმცველები სეზონის ბოლოს ნამდვილად ვერ ბრწყინავენ, თავიანთ ძალებში დამარწმუნეს, წინ კი, ლაუტარო და ტურამი არიან.
დონარუმას გარდა, ლუის ენრიკეს გუნდი დაბალანსებულია და ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს. აქვს ხარისხი, დინამიზმი და უმაღლესი დონის ტაქტიკური ყურადღება. ისინი პრესინგს მყისიერად ახორციელებენ, სწრაფად იბრუნებენ ბურთს. თუმცა, გუშინ, „არსენალის“ წნეხთან ცოტა გაუჭირდათ.
დუეს, დემბელეს და კვარაცხელიას დიდი ფანტაზია აქვთ. დრიბლინგის უნარი აქვთ და თუ მათ წინააღმდეგ საუკეთესოდ ვერ ითამაშებ, შეუძლიათ დაგსაჯონ. დაცვის ხაზში მარკინიოსის როლი ყოველთვის ფუნდამენტურია, რომელიც ხაზს ყოველთვის კარგად ხელმძღვანელობს. ორივე გუნდს აქვს მსგავსება ფლანგებზე: ჰაკიმი და მენდეში, დუმფრისი და დიმარკო, ისინი შეტევის ფაზაში ძალიან კარგად თამაშობენ. პსჟ-ს ფლანგელების წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღება იქნება საჭირო.
ნახევარფინალში ინძაგი კარგად იყენებდა შანსებს, ფლიკი კი, თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე აგრძელებდა შეტევას, ერთი-ერთზე თამაშს, ეს ცოტა თავხედური გადაწყვეტილება იყო. ლუის ენრიკე ჩემი აზრით, უფრო კარგად მომზადებული მწვრთნელია, მან შექმნა გუნდი, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელებითაა სავსე. პსჟ-ს არ ჰყავს „ბარსელონასავით“ ლამი იამალის მსგავსი აბსოლუტური ვარსკვლავი, რომელზეც მთელი გუნდია დაფუძნებული. შეგიძლიათ დაასახელოთ დემბელე, რადგან ის ყველაზე მეტად გამოირჩევა, მაგრამ პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგი და თანაბრად მნიშვნელოვანია“, - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.
ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.