წყალტუბოს „სამგურალს“ 40 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ტიაგო გომესი გაწვრთნის. მან კლუბთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა.
გომესის ასისტენტად, მისი თანამემამულე ფაბიანო კარვალიო იმუშავებს.
„სამგურალის“ ახალი მთავარ მწვრთნელს უეფას პრო ლიცენზია აქვს და ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიც „გრემიო“, „კორინთაინსი” და „ფლუმინენსეა”. „გრემიოში” ასრულებდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას და მუშაობდა მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის, ლუის ფელიპე სკოლარის ასისტენტად. ტიაგო გომესის სამწვრთნელო კარიერა „ინტერნასიონალში“ დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა.
2010 წელს 23 წლამდელებში გახდა ბრაზილიის ჩემპიონი. 2011 წელს „ატლეტიკო პარანაენსეში“ გადავიდა, სადაც მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.
შემდეგ იმუშავა „სან ხოსეს” 20-წლამდელთა გუნდში, საიდანაც გომესი „კორინთიანსის“ 20-წლამდელთა გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად გადავიდა. ტიაგო გომესი მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველად 2015 წელს „სან ხოსეში” დაინიშნა. შემდეგ პაულო რობერტო ფალკაომ „სპორტ რესიფეში“ ასისტენტად მიიწვია და გომესმაც სამწვრთნელო კარიერა აღნიშნულ კლუბში გააგრძელა.
2016 წლის აპრილში, ფალკაოს გათავისუფლების შემდეგ, გომესი „სპორტ რესიფეს” მთავარ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2016 წლის 7 ნოემბერს გომესი „ფლუმინენსეს” 20-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.ბრაზილიელი სპეციალისტები საქართველოში 7 მაისს ჩამოვიდნენ და „სამგურალი” – „გაგრას” მატჩსაც დაესწრნენ.
„სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში 13 ტურის შემდეგ 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა. გომესმა იტალიელი როდოლფო ვანოლი შეცვალა.