„ვალენსია“ შესანიშნავ ფორმაშია და წაუგებელ მატჩთა სერია ათამდე გაზარდა. კარლოს კორბერანის გუნდმა 35-ე ტურში „ხეტაფე“ ძალიან ადვილად, 3:0 დაამარცხა.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა პეპელუმ, დიეგო ლოპესმა და უგო დურომ მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს, ორი პენალტით, თუმცა, ორივე შემთხვევაში სამართლიანად დანიშნული პენალტი იყო.
მეორე ნახევარში „ღამურებმა“ უპირატესობა შეინარჩუნეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. „ვალენსიამ“ ბოლო 10 ტურში 6 მატჩი მოიგო და 4-ჯერ ფრე ითამაშა, შესაბამისად, გავარდნის საფრთხე უკვე აღარ ემუქრება, მეტიც, კონფერენს ლიგის და ევროპა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი აქვს.
გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მერვედ შეინახა. გიორგიმ 3 დარტყმა მოიგერია, სამივე პირველ ტაიმში და აქედან ორი ძალიან რთული იყო. კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისიც მაგარ ფორმაშია.
„ვალენსია“ 45 ქულით მეცხრე ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში, 14 მაისს, სტუმრად „ალავესს“ შეხვდება.