ფეხბურთი

1:32 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "სენტ ეტიენს" შანსი გაუჩნდა, "ლიონი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადის, პსჟ-მ კვარას გარეშე მოიგო
ლიგა 1-ში ბოლო ტურში "სენტ ეტიენს" დარჩენის შანსი ექნება

საფრანგეთის ლიგა 1-ში 33-ე ტურის ყველა მატჩი პარალელურად გაიმართა, შესაბამისად, ქართველების გუნდებმაც ერთდროულად ითამაშეს.

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „რეიმსი“ 2:0 დაამარცხა და ლიგა 1-ში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. პირველივე ტაიმში ფლორიან ტარდიუმ და ირვინ კარდონამ გაიტანეს. ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 84 წუთის განმავლობაში იყო, ამჯერად შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ მთავარი, მისი გუნდის გამარჯვებაა.

„სენტ ეტიენმა“ შანსი შეინარჩუნა, რადგან პარალელურად, მისი კონკურენტი „ლე ავრი“ „მარსელთან“ დამარცხდა.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.

ბოლო ტურის წინ „სენტ ეტიენი“ გასავარდნ ზონაში რჩება 30 ქულით, მაგრამ მხოლოდ ქულით ჩამორჩება „ლე ავრს“, რომელიც პლეი-აუტის ზონაშია. ასე რომ, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, როცა „სენტ ეტიენი“ უმოტივაციო „ტულუზს“ უმასპინძლებს, ხოლო პარალელურად „ლე ავრი“ „სტრასბურს“ ესტუმრება, რომელიც თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად იბრძვის და ძალიან მოტივირებულია.

„ლიონი“ „მონაკოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც არა. „ლიონის“ მწვრთნელმა მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში გუნდის ლიდერები, გიორგი მიქაუტაძე და რაიან შერკი არ დააყენა... უცნაური არჩევანი იყო. ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 76-ე წუთზე შეუშვა, რასაც შედეგი არ გამოუღია.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 46 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 33 მატჩი, 11 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონი“ 54 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ევროზონის მიღმა, 3 ქულით ჩამორჩება „ნიცას“, „ლილს“ და "სტრასბურს“ - სამივე გუნდი ამ ტურში დამარცხდა. ამიტომაცაა, რომ „ლიონს“ ბოლო ტურში „ანჟერთან“ საშინაო მატჩში თეორიული შანსი რომ დარჩა.

ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა“ გავარდნილი „მონპელიე“ სტუმრად ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ადვილად დაამარცხა - 1:4. ჰეთ-თრიქი შეასრულა გონსალო რამოშმა. ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. ბუნებრივია, ლუის ენრიკემ ქართველი დაასვენა, ისევე, როგორც გუნდის სხვა ლიდერები - უსმან დემბელე, ჯანლუიჯი დონარუმა, ვიტინია, ვილიამ პაჩო, ნუნუ მენდეში აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი და სხვები...

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა. კონკრეტულად ლიგა 1-ში მისი მონაგარია 13 მატჩი, 2 გოლი და 3 საგოლე პასი.

სხვათა შორის, პსჟ-მ ლიგა 1-ში ზედიზედ ორი მარცხის და სამი მოუგებელი მატჩის შემდგე შეძლო გამარჯვება. „პარი სენ-ჟერმენი“ 81 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში 17 მაისს, „ოსერს“ უმასპინძლებს.

დღესვე, გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს „მარსელმა“ და „მონაკომ“, მეოთხე ადგილის ბედი ბოლო ტურში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096106