ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „ლივერპულმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და მატჩი, რომელიც შეიძლებოდა საჩემპიონო ყოფილიყო, აბსოლუტურად უმოტივაციო გამოდგა.
ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა სატურნირო ცხრილში, გუნდები კი დაზავდნენ: მეოცე და 21-ე წუთებზე არნე სლოტის გუნდმა ორი გოლი გაიტანა, რომლებიც კოდი გაკპოს და ლუის დიასის აქტივშია. თუმცა მიკელ არტეტას გუნდი არ დანებდა და მეორე ტაიმში ორი გოლით უპასუხა მეტოქეს, გაბრიელ მარტინელიმ და მიკელ მერინომ გაიტანეს.
„ენფილდ როუდზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, რომელსაც პუბლიკამ ობსტრუქცია მოუწყო.
„ლივერპული“ 83 ქულით პირველია, „არსენალს“ 68 ქულით მეორე ადგილი უკავია და მხოლოდ ორი ქულით უსწრებს „ნიუკასლს“, რომელსაც მომდევნო ტურში უმასპინძლებს.
მორიგი მატჩები წააგეს „მანჩესტერმა“ და „ტოტენჰემმა“. რუბენ ამორიმის გუნდი შინ „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა 0:2, ხოლო ლონდონელებმა ამავე ანგარიშით ასევე შინ „კრისტალ პალასთან“ წააგეს.
„მანჩესტერი“ მე-16 ადგილზეა, „ტოტენჰემი“ მე-17-ზე. თუმცა, ორივე გუნდი მთლიანად ევროპა ლიგის ფინალზეა კონცენტრირებული, რადგან ეს არა მარტო ტიტულის მოგების და სეზონის გადარჩენის შანსი, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ერთადერთი შესაძლებლობაა. ასე რომ, პრემიერლიგაზე საერთოდ აღარ ფიქრობენ.
„ნოტინგემ ფორესტი“ სცილდება ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას, შინ გავარდნილ „ლესტერს“ ვერ მოუგო. არადა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდს რომ მოეგო, 64 ქულით ახლა ჩემპიონთა ლიგის ზონაში იქნებოდა და საკუთარ თავზე იქნებოდა დამოკიდებული, ახლა კი, ასე არაა, 62 ქულით მეშვიდეა და ძნელი წარმოსადგენია, ხუთეულში მოხვდეს.