კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ რეკორდსმენი გახდა. „სამეფო კლუბის“ ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია იმაზე მეტი გოლი პირველ სეზონში, ვიდრე მბაპემ გაიტანა.
ფრანგი შემტევის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 53 მატჩში 39 გოლია და მან ივან სამორანოს შედეგი გააუმჯობესა. ჩილელმა ფორვარდმა „რეალის“ მაისურით თავის პირველ სეზონში (1992-1993) 45 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, მბაპე პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ისე, „ელ კლასიკოში“, მაგრამ ორივე შემთხვევაში მისი გუნდი დამარცხდა.
მბაპე „რეალის“ პირველი ფეხბურთელი გახდა 1995 წლისა და ივან სამორანოს შემდეგ, რომელმაც „ელ კლასიკოში“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო 21-ე საუკუნეში მესამე, ვინც ეს შეძლო (ორივე გუნდის მხრიდან). მიმდინარე საუკუნეში „ელ კლასიკოში“ ჰეთ-თრიქი აქამდე მხოლოდ ლიონელ მესის და ლუის სუარესს ჰქონდათ.
აქვე გეტყვით, რომ 27 გოლით კილიან მბაპე ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და რობერტ ლევანდოვსკის 2 გოლით გაასწრო.