„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „რეალთან“ გამარჯვების (4:3) შემდეგ ისაუბრა.
როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს შესანიშნავი მენტალიტეტი აქვს, მაგრამ დაცვაში უნდა მოუმატონ და უფრო სტაბილურები გახდნენ:
„ასეთი მატჩის შემდეგ გულზე გამოკვლევა უნდა ჩავიტარო... ადვილი იქნებოდა იმის თქმა, რომ 3 გოლის გაშვების მიუხედავად, 4 გოლის გატანა შეგვიძლია, ფაქტია, დაცვაში უნდა გავაუმჯობესოთ. როდესაც პრესინგს ვახორციელებთ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შეცდომის შემდეგ ყველაფერი რთულდება. ფანტასტიკური გუნდი მყავს, რომელსაც უყვარს თამაში, ვარჯიში, კონკურენცია. თუ ვარჯიშის დროს ინტენსივობა გაქვს, თამაში უფრო ადვილია.
ჯერ თავს ჩემპიონებად არ ვგრძნობთ, მაგრამ სეზონში სამი ტიტულის მოგება შესანიშნავი იქნებოდა. კიდევ სამი ქულა გვჭირდება, ყველა მეტოქეს სურს ჩვენი დამარცხება. დღეს 0:2-დან ძლიერი მენტალიტეტი ვაჩვენეთ, მაგრამ უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით დაცვაში, უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგას სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ „ბარსამ“ სეზონში „რეალთან“ ოთხივე მატჩი მოიგო.