ფეხბურთი

18:43 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელია

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ანჩელოტი მუშაობას მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყებს და ადგილობრივ კონფედერაციასთან კონტრაქტი 2026 წლის მუნდიალის ბოლომდე გააფორმა.

„ეს სტრატეგიულ ნაბიჯზე მეტია, განცხადების გაკეთებაა მთელი მსოფლიოსთვის, რომ გვსურს პირველობის დაბრუნება. კარლო ანჩელოტი ისტორიაში უდიდესი მწვრთნელია და ახლა ის, პლანეტის ყველაზე დიდ გუნდში იმუშავებს“, - აღნიშნა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგემ.

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში პირველი უცხოელი მწვრთნელია. მისი დებიუტი ივნისში შედგება, როცა „სელესაო“ მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებში, ჯერ სტუმრად ეკვადორს და შემდეგ შინ პარაგვაის დაუპირისპირდება.

კარლო ანჩელოტი „რეალში“ 2013-2015 და 2021-2025 წლებში მუშაობდა. მან „სამეფო კლუბს“ ორ-ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო სამ-სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.

65 წლის მწვრთნელს „რეალის“ გარდა, „რეჯანაში“, „პარმაში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, „ჩელსიში“, პსჟ-ში, „ბაიერნში“, „ნაპოლისა“ და „ევერტონში“ აქვს ნამუშევარი. კარიერის საწყის ეტაპზე კი, იტალიის ნაკრებში არიგო საკის სამწვრთნელო შტაბშიც იყო დასაქმებული.

სხვათა შორის, ფეხბურთიდან კარლო ანჩელოტის გამოსამშვიდობებელი ამხანაგური მატჩი "მილანსა" და ბრაზილიის ნაკრებს შორის გაიმართა. ეს მოხდა "სან სიროზე", 1992 წლის 20 მაისს, როცა ანჩელოტიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ის თამაში ბრაზილიის ნაკრებმა ანტონიო კარეკას გოლით 1:0 მოიგო.

მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის მისი ყოფილი შეგირდი „რეალიდან“ და „ბაიერნიდან“, ჩაბი ალონსო შეცვლის, ეს უკვე გადაწყვეტილია და ცნობა მალე ოფიციალურად დადასტურდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.159043