ფეხბურთი

0:01 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "მე შაკილ ო'ნილი ვარ, კონტე - ფილ ჯექსონი"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ FIFA-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ გეგმებზე, ნეაპოლსა და ანტონიო კონტესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

როგორ მან თქვა, ის შაკილ ო’ნილია, ხოლო ანტონიო კონტე - ფილ ჯექსონი:

„როდესაც აქ ჩამოვედი, უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. „ნაპოლის“ ტიფოზები წარმოუდგენელ მუხტს გვაძლევენ, ძალიან ვაფასებ მათ მხარდაჭერას. სახლში თუ გასვლაზე თამაშში, ქუჩაში, ყოველთვის დიდ სიყვარულს ვიღებთ. საცხოვრებლად ნეაპოლი შესანიშნავი ქალაქია.

კონტე და მე ერთმანეთთან უბრალოდ გულახდილები ვართ. მას აქვს იდეები და გეგმები, რომლებიც მე ისედაც ვიცი. მას არ სჭირდება ჩემთვის ახსნა-განმარტებების მოცემა, მაშინვე მესმის, თუ რა სურს. კონტეს გუნდის თამაშებს დიდი ხანია ვუყურებ, მას შემდეგ, რაც 2013-2014 წლების სეზონში ჩემზე ინფორმაცია მოითხოვა. ის ახერხებს, რომ მენტალურად და ფიზიკურად სხვა დონეზე ამიყვანოს. მიყვარს მის გამო მაქსიმუმის გაღება. მგონია, რომ ერთმანეთს ვაუმჯობესებთ. ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, გამარჯვებული. ერთმანეთს თავიდანვე გავუგეთ, როგორც პიროვნებებმა და შემდეგ, როგორც სპორტსმენებმა. ერთმანეთს პატივს ვცემთ და მან იცის, რომ ბევრი რამის მოთხოვნა შეუძლია, რადგან საბოლოოდ, შედეგები ასე მიიღწევა. მთავარი ისაა, რომ ორივეს გვსურს გამარჯვება. როდესაც ვერ ვიმარჯვებთ, თავს კარგად ვერ ვგრძნობთ, ჩვენი განსხვავებები ერთმანეთს ავსებს და იდეალურად აბალანსებს. ყველა ფეხბურთელს ჰყავს ერთი მწვრთნელი, რომელიც მის კარიერას ცვლის: კრიშტიანუ რონალდუს ჰყავდა ფერგიუსონი, მესის გვარდიოლა, დროგბას მოურინიო... ჩვენ ფილ ჯექსონსა და შაკილ ო’ნილს ვგავართ.

ახლა უბრალოდ მინდა, თითოეული გოლით ვისიამოვნო. დროთა განმავლობაში გამოცდილებას იძენ და მატჩის დინამიკის ამოცნობა შეგიძლია, ასე ყველაფერი უფრო მარტივდება. კარიერის დარჩენილ ნაწილში თუ გოლები ტიტულებს მომიტანს, ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან მთავარი გამარჯვებაა. განსაკუთრებული ოცნებები არ მაქვს, უბრალოდ მინდა კარგად და ფორმაში ვიყო. ვფიქრობ, ეს მთავარია. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო მაღალ დონეზე და ბევრი მატჩით მივიღო სიამოვნება ამ შესანიშნავ სპორტში, რომელმაც ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება შეცვალა“, - თქვა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიმდე“ „ინტერში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094093