„შეფილდ იუნაიტედმა“ ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „ბრისტოლ სიტი“ დაამარცხა (3:0). თამაში შეფილდში, „ბრამელ ლეინის“ სტადიონზე გაიმართა.
კიფერ მურმა ანგარიში 41-ე წუთზე გახსნა, გუსტავო ჰამერმა 52-ე წუთზე გუნდის უპირატესობა გააორმაგა, ხოლო კალუმ ო’ჰეარმა 83-ზე მესამე გაიტანა. პირველ თამაშში შეფილდელები ასევე უფრო ძლიერები იყვნენ, მათ მეტოქე 3:0 დაამარცხეს.
პლეი-ოფის ფინალში „შეფილდ იუნაიტედი“ „სანდერლენდსა“ და „ქოვენტრის“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველ თამაშში „შავმა კატებმა“ გაიმარჯვეს (2:1). საპასუხო მატჩი 13 მაისს გაიმართება.
„შეფილდ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში ბოლოს 2020/2021 წლების სეზონში ითამაშა.