ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურ ვებ-საიტზე გერმანული სპორტული ბრენდის, Puma-ს, 2025/2026 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა.
„კლუბის ისტორიაში პირველად, საშინაო ფორმაზე ცნობილი „ქამარი“ გამოჩნდა - დიაგონალური ზოლი, რომელიც „სიტის“ წინა გასვლითი ფორმების სიმბოლო გახდა“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებსაიტზე.
აღნიშნულია, რომ მამაკაცთა მთავარი გუნდი ახალ საშინაო ფორმას ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაიცვამს, რომელიც ამ ზაფხულს შეერთებულ შტატებში გაიმართება.
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა. „ლივერპული“ ჩემპიონი გრაფიკზე ადრე გახდა. „სიტის“ ასევე ცუდი შედეგი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე, 2012/2013 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა ტურნირის 1/8 ფინალში გასვლა.