„ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგაში პირველი წრის (19 ტურის) შემდეგ ბოლო ადგილზე, გასავარდნად განწირული იყო, მაგრამ მეორე წრეს იმდენად შესანიშნავად ატარებს, რომ ახლა არათუ გავარდნა ემუქრება, არამედ ევროტურნირებზე გასვლის შანსი აქვს.
„ლოს ჩე“ ამას თუ მოახერხებს, უნიკალური მიღწევის ავტორი გახდება. საქმე ისაა, რომ ლა ლიგის ისტორიაში ევროტურნირის საგზური არასდროს მოუპოვებია გუნდს, რომელმაც პირველი წრე გასავარდნ ზონაში დაასრულა!
„ღამურები“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 45 ქულით მეათე ადგილზე არიან და სულ რაღაც ორი ქულით ჩამორჩებიან მერვე ადგილზე მყოფ „რაიო ვალეკანოს“. მერვე ადგილი კი, კონფერენს ლიგის საგზურს ნიშნავს. მეშვიდე პოზიცია - ევროპა ლიგის საგზურს და „ვალენსიას“ ამის შანსიც აქვს, რადგან იქ მყოფ „სელტას“ 4 ქულით ჩამორჩება. მოკლედ, ევროტურნირებზე გასვლის შანსი კარლოს კორბერანის გუნდს ნამდვილად აქვს, ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ბოლო სამ ტურში „ვალენსია“ „ალავესს“ (სტუმრად), „ბილბაოს“ (შინ) და „ბეტისს“ (სტუმრად) ეთამაშება.
როგორც ვთქვით, არ ყოფილა შემთხვევა ლა ლიგაში, როდესაც გუნდს პირველი წრე გასავარდნ ზონაში დაესრულებინოს და სეზონის ბოლოს ევროსაგზური მოეპოვებინოს - „ვალენსიას“ აქვს შანსი პირველმა მოახერხოს ამის გაკეთება. „ვალენსია“ პირველი წრის შემდეგ 13 ქულით (2 მოგება, 7 ფრე, 10 წაგება) იყო ბოლო ადგილზე, ხოლო მეორე წრეში უკვე დააგროვა 32 ქულა (9 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება). გიორგი მამარდაშვილის გუნდზე უკეთესი შედეგი ქულების რაოდენობით მეორე წრეში მხოლოდ „ბარსელონას“ და „ბეტისს“ აქვთ...
კარლოს კორბერანზეც უნდა ვთქვათ: მან გუნდი სეზონის შუაში ჩაიბარა. როდესაც კორბერანი „ვალენსიაში“ დანიშნეს რუბენ ბარახას ნაცვლად, „ღამურებს“ 17 ტურში მხოლოდ 12 ქულა ჰქონდათ, ხოლო კორბერანის ხელმძღვანელობით კლუბმა 18 მატჩში 33 ქულა მოიპოვა (9 მოგება, 6 ფრე, 3 წაგება) - საოცარი განსხვავებაა. კორბერანის ხელში „ვალენსიამ“ ლა ლიგაში მხოლოდ სამი მატჩი წააგო, სამივე გრანდებთან: „რეალთან“ (1:2), „ბარსელონასა“ (1:7) და „ატლეტიკოსთან“ (0:3). უშუალოდ მეორე წრეში ოდენ ორჯერ დამარცხდა („ბარსასა“ და „ატლეტიკოსთან“), ხოლო „რეალთან“ წაგება იყო პირველი წრის მატჩი, კორბერანის სადებიუტო შეხვედრა, რომელსაც სხვათა შორის, „ვალენსია“ იგებდა და ბოლო წუთებში გაუშვა ორი გოლი.
კორბერანს „ვალენსიას“ ფანები გმირსაც უწოდებენ, მაგრამ „ალავესთან“ მატჩის წინ ახალგაზრდა სპეციალისტმა თქვა, რომ ის თავს გმირად არ გრძნობს:
„არა, თავს გმირად არ ვგრძნობ. მე ვარ ადამიანი, რომელიც თავის საქმეს უძღვნის თავს. როგორც მწვრთნელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფანებმა თავიანთი გუნდით იამაყონ“, - აღნიშნა კორბერანმა.
აქვე გეტყვით, რომ „ვალენსიას“ ლა ლიგაში 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (6 მოგება, 4 ფრე), ბოლოს 22 თებერვალს, „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა. ასე რომ, რატომაც არა, ევროტურნირების საგზურის მოპოვება? ყველაფერი შესაძლებელია.