იტალიის სერია B-ში ბოლო ტური გაიმართა, რომლის შედეგად გაირკვა, რომ ადგილის შესანარჩუნებლად, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ და ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ პლეი-აუტში ითამაშებენ.
ბოლო ტურში ორივემ სტუმრად მოიგო, მაგრამ ლიგაში დასარჩენად ეს არ ეყოთ, რადგან მათმა კონკურენტმა „ბრეშამ“ „რეჯანა“ დაამარცხა.
„ფროზინონემ“ სტუმრად 1:0 მოუგო ლიდერ და სერია A-ში აღზევებულ „სასუოლოს“. კვერნაძე 68-ე წუთზე შევიდა მოედანზე. მან რეგულარული სეზონი 34 მატჩში 3 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა.
ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ სტუმრად კონკურენტ „ჩიტადელას“ 2:0 მოუგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ლუკა „სალერნიტანას“ იჯარით იანვარში შეუერთდა და 19 მატჩი ითამაშა. მისი სატრანსფერო უფლებები „კრემონეზეს“ ეკუთვნის, რომელიც სერია A-ში გადასასვლელ პლეი-ოფს ითამაშებს.
საბოლოოდ, „ფროზინონე“ 43 ქულით მე-16 ადგილზე გავიდა, „სალერნიტანა“ 42 ქულით მე-17 პოზიციას დასჯერდა და ახლა ისინი პლეი-აუტში ერთმანეთს შეხვდებიან.
19 მაისს, მასპინძელი „სალერნიტანა“ იქნება, 26 მაისს „ფროზინონე“, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ადგილს სერია B-ში შეინარჩუნებს, ხოლო დამარცხებული სერია C-ში გავარდება. თუ ორი შეხვედრის ჯამში ფრე დაფიქსირდება, არც პენალტების სერია იქნება და არც დამატებითი დრო, ფრის შემთხვევაში სერია B-ში "ფროზინონე" დარჩება, რადგან რეგულარული სეზონი უფრო მაღლა, მე-16 ადგილზე დაასრულა, ვიდრე "სალერნიტანამ" (მე-17 ადგილი).
სერია C-ში პირდაპირ გავარდნენ „კოზენცა“, „ჩიტადელა“ და რაც მთავარია, „სამპდორია“... ისტორიული იტალიური კლუბი, რომელიც კრიზისშია და უკვე რანგით მესამე დივიზიონში დაქვეითდა, ისტორიაში პირველად.
სერია A-ში პირდაპირ აღზევდნენ „სასუოლო“ და „პიზა“, მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფით გამოვლინდება, რომლის მეოთხედფინალში „იუვე სტაბია“ – „პალერმოს“ და „კატანძარო“ – „ჩეზენას“ შეხვდება, ამ წყვილში გამარჯვებულები ნახევარფინალში „კრემონეზესა“ და „სპეციას“ შეხვდებიან, იქ მოგებულები ფინალში გავლენ, ფინალის მოგებული სერია A-ში აღზევდება.