პორტუგალიის ნაკრებისა და "ალ-ნასრის" ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მშობლიურ კლუბ "სპორტინგში" დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემები MARCA და beIN Sports-ი ავრცელებენ.
გამოცემების მტკიცებით, 40 წლის რონალდუს კარიერის დასრულება მშობლიურ კლუბში აქვს გადაწყვეტილი და მზად არის "სპორტინგში" განახევრებულ ხელფასსაც დათანხმდეს, ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ რონალდუს ზაფხულში "ალ-ნასრისთან" მოქმედი კონტრაქტი ეწურება და ლისაბონურ კლუბს მისი უფასოდ დამატება შეუძლია.
იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი ვარსკვლავი სამშობლოში დაბრუნდება, მისი თანაგუნდელი გიორგი ქოჩორაშვილი იქნება, რომელიც "სპორტინგის" ფეხბურთელია და კლუბს ახალი სეზონიდან შეუერთდება.
ცნობისთვის, კრიშტიანუ "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია და ლისაბონურ კლუბში 1997-2003 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.