ფეხბურთი

19:05 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩემპიონის გამოსავლენად შესაძლოა ფორმატი შეიცვალოს

საფრანგეთში ლიგა 1-ის ფორმატის შეცვლის იდეას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.

წყაროს თანახმად, არაა გამორიცხული, რომ ლიგა 1-ში ჩემპიონის გამოსავლენად ე.წ. ოთხთა ფინალი შემოიღონ. თუ აქამდე ჩემპიონი ერთიანი სატურნირო ცხრილის მეშვეობით ვლინდება, განიხილება იდეა, რომ სეზონის ბოლოს, მოწინავე ოთხეულის გუნდებმა პლეი-ოფით გააგრძელონ ბრძოლა ტიტულისთვის, ჯერ იქნება ორი ნახევარფინალი და შემდეგ ფინალი.

ეს იდეა ლიგა 1-სთვის მეტი ინტრიგის შესაძენად გაჩნდა. საქმე ისაა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ბოლო 13 სეზონში 11-ჯერ გახდა ჩემპიონი, კონკურენციის გარეშე ახერხებს ჩემპიონობას, რამაც ლიგა 1 მოწინავე ევროპულ ჩემპიონატებში ერთ-ერთ ყველაზე უინტერესო ჩემპიონატად აქცია.

საინტერესოა ის, რომ საფრანგეთის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში გასული სეზონიდან სწორედ ოთხთა ფინალის ფორმატით ირკვევა ჩემპიონის ბედი.

ამიტომ, სულაც არაა გამორიცხული, ვაჟების ჩემპიონატშიც იგივე ფორმატი დაინერგოს, რაც ევროპის წამყვან ლიგებში უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

თეგებიპსჟლიგა 1
0.0938