„აიაქსს“ ნიდერლანდების ჩემპიონის ტიტული ხელიდან პრაქტიკულად გამოეცალა. ოთხი ტურის წინ ამსეტერდამელები ერედივიზონს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდნენ, ახლა კი, სეზონის დასრულებამდე ერთადერთი ტურით ადრე პსვ ეინდჰოვენს ჩამორჩებიან.
ბოლო ოთხ ტურში „აიაქსმა“ ორი ქულა მოიპოვა, პსვ-მ 12, შესაბამისად, ახლა ეინდჰოვენელები წინ არიან.
ფრანჩესკო ფარიოლის გუნდმა ბოლო ოთხ ტურში მოახერხა და, „უტრეხტთან“ 0:4 განადგურდა, „ნაიმეგენთან“ 0:3, შინ ვერ მოუგო „სპარტას“ (1:1) და დღეს, „გრონინგემს“ დაუზავდა (2:2). „აიაქსი“ „გრონინგენთან“ ორჯერ, მათ შორის, 99-ე წუთამდე იგებდა, თან მეტოქე 10 ფეხბურთელით იყო, თუმცა იმდენი „შეძლო“, რომ რიცხობრივ უპირატესობაში გოლი გაუშვა და დიდი ალბათობით, ჩემპიონობაც დაკარგა.
ბოლო ტურის წინ პსვ-ს 76 ქულა აქვს, „აიაქსს“ 75 და ყველაფერი პსვ-ს ხელშია, რომელიც ბოლო ტურში როტერდამის „სპარტას“ ესტუმრება, ხოლო „აიაქსი“ „ტვენტეს“ უმასპინძლებს.