ფეხბურთი

1:21 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ალავესის" მწვრთნელი: "როდესაც მეკარეები მამარდაშვილისნაირად თამაშობენ, გუნდები თითქმის დაუმარცხებლები არიან"
"მოედნის ვარსკვლავი ის იყო და ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის ცუდი დღე იყო"

„ალავესის“ მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო კოუდეტმა „ვალენსიასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ გიორგი მამარდაშვილი შეაქო. როგორც მან თქვა, მოედანზე ვარსკვლავი ის იყო.

მამარდაშვილი, „ვალენსიას“ მარცხის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

„მათი მეკარე მოედნის ვარსკვლავი იყო. ზოგჯერ, როდესაც მოწინააღმდეგე მეკარე სეივებს იწყებს, ფიქრობ, რომ ეს ცუდი დღე იქნება. ბევრი მომენტი შევქმენით. როდესაც მეკარეები ისე თამაშობენ, როგორც მამარდაშვილმა ითამაშა, გუნდები თითქმის დაუმარცხებლები არიან. ბევრი დარტყმა მოიგერია და ვფიქრობ, სამი ქულა დავიმსახურეთ, სამართლიანად გავიმარჯვეთ“, - თქვა კოუდეტმა.

„ვალენსიას“ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა აღნიშნა, რომ მათ ცუდად ითამაშეს და მე-15 წუთის შემდეგ გაუჭირდათ:

„ფეხბურთი წარმატებისა და წარუმატებლობის თამაშია. მე-15 წუთის შემდეგ ჩვენს თამაშში თითქმის სულ წარუმატებლობა იყო. მათი დარტყმები შორიდან ან სტანდარტებიდან იყო, თუმცა მამარდაშვილმა შესანიშნავი სეივები გააკეთა და გოლისგან გვიხსნა. პენალტი? ეს არ იყო დარტყმა, ეს იყო კონტაქტი ინერციით. VAR-ს ერთი კრიტერიუმი ჰქონდა, მსაჯს მეორე, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მსაჯი არ შეცდა, რადგან მინდა, სამართლიანი თამაშის ნაწილი ვიყოთ“, - აღნიშნა კორბერანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსია“ 22 თებერვლის შემდეგ პირველად დამარცხდა (6 მოგება, 4 ფრე ამ პერიოდში) და 45 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 მაისს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09619