ინგლისური „ბორნმუთისა“ და ესპანეთის ნაკრების ნიჭიერი ცენტრალური მცველი დინ ჰუისენი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს.
ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ „ბორნმუთთანაც“ შეძლო მორიგება: „რეალი“ ჰუისენის გამოსასყიდ ფასს, 60 მილიონ ევროს გადაიხდის, ოღონდ სამ ნაწილად და თანხას 2026 წლის ბოლომდე დაფარავს.
ამრიგად, „რეალმა“ „ლივერპულს“, „არსენალს“ და „ჩელსის“ აჯობა, რაშიც დიდი როლი ფეხბურთელმაც ითამაშა, რომელსაც „რეალში“ თამაში სურდა. „სამეფო კლუბს“ დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს, რის გამოც ჰუისენის ტრანსფერი გადაწყდა.
დინ ჰუისენი ნიდერლანდებში დაიბადა და ამავე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, მაგრამ 2024 წელს ესპანეთში თამაში გადაწყვიტა, სადაც 21-წლამდელთა გუნდში 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ორჯერ ითამაშა.
დინ ჰუისენმა ბავშვობაში „მალაგაში“ ითამაშა, ხოლო 2021 წელს „იუვენტუსის“ აკადემიას შეუერთდა. ტურინული გრანდის მთავარ გუნდში ერთადერთხელ ითამაშა, გასული წლის იანვარში ის „იუვემ“ „რომაში“ გაანათხოვრა (14 მატჩი, 2 გოლი), გასულ ზაფხულს კი, 14 მილიონად „ბორნმუთში“ გაყიდა. პრემიერლიგაში 20 წლის ესპანელმა 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მომდევნო სეზონიდან მადრიდის „რეალში“ ითამაშებს.