ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა, ძალიან საკამათო პენალტით, რომელზეც ყველა საუბრობს.
მსაჯის, ხესუს ხილ მანსანოს გარდა, თითქმის ყველა თანხმდება, რომ გიორგი მამარდაშვილს თამაშის წესი არ დაურღვევია. თუმცა, არბიტრმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანურ მედიაში კი, გამოქვეყნდა ხილ მანსანოსა და VAR-ის ოთახის დიალოგი:
ერნანდეს მაესო (VAR-ის მსაჯი): „ხესუს, გირჩევ, მომენტს გადახედო, რათა პენალტის გაუქმება განიხილო“.
ხილ მანსანო: „მინდა ვნახო, ვინ შეეხება პირველი ბურთს, შეეხება თუ არა, მეკარე ბურთს... მეკარე ბურთს არ ეხება, ის მეტოქეს ურტყამს, ჩემი გადაწყვეტილება ძალაში რჩება, ეს პენალტია“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ 22 თებერვლის შემდეგ პირველად დამარცხდა (6 მოგება, 4 ფრე ამ პერიოდში) და 45 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 მაისს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.