„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ტიტული 36-ე ტურში „ესპანიოლთან“ დერბიში მოგებით გაიფორმა.
უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში ლამინ იამალმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, შესანიშნავი გოლით გახსნა ანგარიში და შეიძლება ითქვას გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს ფერმინ ლოპესმა სხვაობა ორამდე გაზარდა და „ბლაუგრანამ“ 2:0 გაიმარჯვა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ჩემთვის უკვე მეორე ლა ლიგის ტიტულია და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებთ. რაც შეეხება ჩემს გოლს, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, რადგან რასაც ვაკეთებ მხოლოდ გუნდისთვისაა. არც ის არ მაინტერესებს, თუ ვინ რას ფიქრობს, თუ როგორი გოლი გავიტანე, მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და გავაგრძელებ იმის კეთებას, რაც ჩემს კლუბს დაეხმარება." - განაცხადა იამალმა.
„ბარსელონას“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 85 ქულა აქვს, 7 ქულით უსწრებს „რეალს“ და ცხადია ჩემპიონია. „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი ისტორიაში 28-ედ გახდა.