პორტუგალიელი თავდამსხმელი ფრანსისკო კონსეისაო შესაძლოა „მილანში“ გადავიდეს. ფეხბურთელი „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, „პორტუდან“ 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ იჯარით შეუერთდა.
თუმცა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც „ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა იყო, იგორ ტუდორის ხელმძღვანელობით კი 22 წლის შემსრულებელი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.
კლუბში ფიქრობენ, რომ კონსეისაოს სრულფასოვანი ტრანსფერისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მომავალი სატრანსფერო სეზონის განმავლობაში თანხების არასწორად ხარჯვა იქნება.
ახალგაზრდა ფეხბურთელე „მილანის“ ვარიანტი გამოუჩნდა, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი მამა, სერჟიო კონსეისაო მუშაობს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ „როსონერიში“ მენეჯერის პოზიცია სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილისა და ბოლონიასთან სათასო მატჩის წაგების შემდეგ მყარი აღარ არის.
ფრანსისკო კონსეისაომ „იუვენტუსის“ მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, სადაც ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.