„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „პარმასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ნეაპოლში წნეხი ძალიან დიდია, გარემო დაძაბულია და შესაბამისად, მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია:
„ვიცით, რომ ისეთი მიზნისთვის ვთამაშობთ, რომელიც პროგნოზირებადი არ იყო და რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა დიდი გუნდების მიზნებისგან. ვიცით, რამხელა განსხვავებაა ამ სიტუაციებში. ვინც ამას მიჩვეულია, უფრო მშვიდად და წყნარად ცხოვრობს, ხოლო ვინც ამას მიჩვეული არაა, მისთვის გარემო დაძაბული ხდება. ყველამ ვნახეთ, რა მოხდა ორი წლის წინ, როცა „ნაპოლი“ ჩემპიონი გახდა, ვიცით, ნეაპოლელებისთვის სკუდეტო რას წარმოადგენს.
„ჯენოასთან“ ფრე ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ ეს ხდება, ფეხბურთის ნაწილია. ფეხბურთი მათემატიკა არ არის. დიდი გუნდებისთვის ერთით მეტი ან ნაკლები სკუდეტოთი ცხოვრება დიდად არ იცვლება, ნეაპოლში კი, ერთი სკუდეტოც ისტორიულია.
დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ძალიან დიდს. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მხრები მაქვს, ვერ უარვყოფ, რომ დიდი ტვირთი მაწევს და სხვაგან მსგავსი წნეხი არ მქონია.
პირველ მიზანს უკვე მივაღწიეთ, ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, მეორე მიზანსაც მივაღწიეთ, კონკურენტები შევაწუხეთ, ახლა გვაინტერესებს, რამდენად შევძლებთ ბოლომდე კონკურენტის შეწუხებას. ტორტი მომზადებულია და ულამაზესია, ალუბალი აკლია. თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ ამ დეტალს შეუძლია „ნაპოლის“ ისტორიაში დაგტოვოს. ბიჭებს ვუთხარი და თქვენთანაც ვიტყვი: უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ ნეაპოლში სამუდამოდ დაგვიმახსოვრონ და ეს ნეაპოლში მაშინ ხდება, თუ ჩვენს სახელსა და გვარებს გამარჯვებაში ჩავბეჭდავთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ინტერს“ ერთადერთი ქულით უსწრებს, ხოლო 18 მაისს, „პარმას“ სტუმრად დაუპირისპირდება.