გერმანიის ბუნდესლიგაში ბოლო ტური გაიმართა, შესაბამისად, ყველა ვერდიქტი ცნობილია.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გადასარჩენ პლეი-აუტში ითამაშებს. ფრანკ შმიდტის გუნდი ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ბრემენის „ვერდერთან“ უშანსოდ, 1:4 დამარცხდა. „ბრემენელი მუსიკოსები“ 3:0-ს იგებდნენ და მასპინძლებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლით უპასუხეს. ზივზივაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა, რომელიც „ჰაიდენჰაიმს“ იანვარში „კარლსრუედან“ შეუერთდა, ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
„ჰაიდენჰაიმი“ 29 ქულით მე-16 ადგილზე გავიდა, რაც პლეი-აუტის ტოლფასია. ორმატჩიან (შინ და სტუმრად) დუელში შმიდტის გუნდი II ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს შეხვდება. „ჰაიდენჰაიმი“ მეტოქის ვინაობას კვირას შეიტყობს.
ბუნდესლიგის ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურების ბედი ირკვეოდა. „დორტმუნდმა“ პირველი წრე საშინლად ჩაატარა, მაგრამ მეორე წრე შესანიშნავად და ლიგის ზონაში მაინც შევიდა. ნიკო კოვაჩის გუნდმა ბოლო ტურში გავარდნილ „კილს“ 3:0 სძლია და 57 ქულით სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა ფრანკფურტის „აინტრახტიც“, რომელმაც სტუმრად „ფრაიბურგს“ 3:1 სძლია, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა. შედეგად, „აინტრახტმა“ 60 ქულით მესამე საფეხური დაიკავა, ხოლო „ფრაიბურგი“, რომელიც ოთხეულში იყო, საბოლოოდ, მაინც ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა, არადა, პირველად გადიოდა ამ ტურნირზე... „ფრაიმ“ სეზონი 55 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.
ჩემპიონმა „ბაიერნმა“ სეზონი „ჰოფენჰაიმთან“ სტუმრად ადვილი გამარჯვებით დაასრულა - 4:0. ჩაბი ალონსოს კარიერა „ლევერკუზენში“ ფრით დასრულდა, სტუმრად „მაინცთან“ 2:2.
„ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში მის გარდა, „ლევერკუზენი“, „აინტრახტი“ და „დორტმუნდი“ ითამაშებენ. ევროპა ლიგაზე გავიდა „ფრაიბურგი“, ხოლო კონფერენს ლიგაზე - „მაინცი“. ევროპა ლიგის კიდევ ერთი მონაწილე გერმანიის თასის ფინალის შემდეგ გაირკვევა: „შტუტგარტი“ ან „არმინია“.
ბუნდესლიგიდან გავარდნენ „კილი“ და „ბოხუმი“, დაბრუნდა „ჰამბურგი“, მეორე გუნდის ვინაობა ჯერ უცნობია, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ პლეი-აუტში ითამაშებს (22-26 მაისს). საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით ჰარი კეინი გახდა, შეჰრუ გირასიმ და პატრიკ შიკმა მეორე ადგილი 21-21 გოლით გაიყვეს.
1. | ბაიერნი | 34 | 25 | 7 | 2 | 99 | 32 | 67 | 82 |
2. | ლევერკუზენი | 34 | 19 | 12 | 3 | 72 | 43 | 29 | 69 |
3. | აინტრახტი | 34 | 17 | 9 | 8 | 68 | 46 | 22 | 60 |
4. | დორტმუნდი | 34 | 17 | 6 | 11 | 71 | 51 | 20 | 57 |
5. | ფრაიბურგი | 34 | 16 | 7 | 11 | 49 | 53 | -4 | 55 |
6. | მაინცი | 34 | 14 | 10 | 10 | 55 | 43 | 12 | 52 |
7. | ლაიფციგი | 34 | 13 | 12 | 9 | 53 | 48 | 5 | 51 |
8. | ვერდერი | 34 | 14 | 9 | 11 | 54 | 57 | -3 | 51 |
9. | შტუტგარტი | 34 | 14 | 8 | 12 | 64 | 53 | 11 | 50 |
10. | გლადბახი | 34 | 13 | 6 | 15 | 55 | 57 | -2 | 45 |
11. | ვოლფსბურგი | 34 | 11 | 10 | 13 | 56 | 54 | 2 | 43 |
12. | აუგსბურგი | 34 | 11 | 10 | 13 | 35 | 51 | -16 | 43 |
13. | უნიონი | 34 | 10 | 10 | 14 | 35 | 51 | -16 | 40 |
14. | ზტ. პაული | 34 | 8 | 8 | 18 | 28 | 41 | -13 | 32 |
15. | ჰოფენჰაიმი | 34 | 7 | 11 | 16 | 46 | 68 | -22 | 32 |
16. | ჰაიდენჰაიმი | 34 | 8 | 5 | 21 | 37 | 64 | -27 | 29 |
17. | კილი | 34 | 6 | 7 | 21 | 49 | 80 | -31 | 25 |
18. | ბოხუმი | 34 | 6 | 7 | 21 | 33 | 67 | -34 | 25 |