ფეხბურთი

0:50 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის სეზონი დუბლით დაასრულა, პსჟ-მ ტიტული ჩაიბარა (+VIDEO)
"ოსერს" ლიგა 1-ის ამ სეზონში ქართველმა ფეხბურთელებმა 8 გოლი გაუტანეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ოსერი“ დაამარცხა და ჩემპიონატში სამმატჩიანი მოუგებელი სერიაც შეწყვიტა, ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა.

პსჟ-მ „პარკ დე პრენსზე“ პირველი ტაიმი დათმო, ბურგუნდიელები ლასინ სინაიოკოს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში პარიზელებმა სიტუაცია შემოაბრუნეს. ანგარიში ხვიჩამ გაათანაბრა: 59-ე წუთზე მან საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და გაიტანა. ეს მისი მეხუთე გოლი იყო პსჟ-ში, ლიგა 1-ში მესამე და პირველი მარჯვენა ფეხით.

ლუის ენრიკეს გუნდმა წინ გასვლა მალევე შეძლო, ამჯერად თავი მარკინიოსმა გამოიჩინა. 88-ე წუთზე კვარამ მეორედ შეძლო თავის გამოჩენა და პსჟ-ს მაისურით დუბლი პირველად შეასრულა. საბოლოოდ, მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. კვარამ ერთხელ ბურთი ძელსაც გაარტყა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს.

სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში „ოსერს“ ლიგა 1-ში მოთამაშე ყველა ქართველმა გაუტანა, ჯამში 8 გოლი. ზურიკო დავითაშვილმა „ოსერთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, გიორგი მიქაუტაძემ ორივე მატჩში დაამწუხრა (ჯერ დუბლი, შემდეგ გოლი და საგოლე პასი), ხოლო ახლა კვარამაც მოახერხა ბურგუნდიელთა წინააღმდეგ ორი გოლის გატანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ის სეზონი კი, სადაც მხოლოდ იანვრიდან ითამაშა, 14 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1 84 ქულით (26 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება) პირველ ადგილზე დაასრულა. ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონობა დიდი ხნის წინ ჰქონდა გაფორმებული, დღეს უბრალოდ დამსახურებული ტიტული გადაეცა.

თუმცა, პსჟ-ს კიდევ აქვს ტიტულების მოგების შანსი: 24 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“, ხოლო 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094147