„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერთან“ მატჩისა (3:1) და დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მოვემზადეთ, კარგად ვითამაშეთ. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, ვემზადებით და კონცენტრირებული ვართ. ადაპტაცია კარგად გავიარე, გუნდში კარგად მიმიღეს, აქ ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ყოველდღე სიამოვნებას ვიღებ. მთელი კონცენტრაცია მომდევნო მნიშვნელოვან მატჩებზე გვაქვს”, - თქვა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ის სეზონი კი, სადაც მხოლოდ იანვრიდან ითამაშა, 14 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1 84 ქულით (26 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება) პირველ ადგილზე დაასრულა. ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონობა დიდი ხნის წინ ჰქონდა გაფორმებული, დღეს უბრალოდ დამსახურებული ტიტული გადაეცა.
თუმცა, პსჟ-ს კიდევ აქვს ტიტულების მოგების შანსი: 24 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“, ხოლო 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.