საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024-2025 წლების სეზონი დასრულდა, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძეს და ზურიკო დავითაშვილს საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჰქონდათ, რაც სტატისტიკაშიც კარგადაა ასახული.
ლიგა 1-ში ქართველი ფეხბურთელების შედეგები
გიორგი მიქაუტაძისთვის სეზონი საკმაოდ რთულად დაიწყო, პირველივე ტურში გაცუდებული პენალტით, შემდეგ მწირი სათამაშო დრო, მოედანზე პოზიციის ძებნა. თუმცა, საბოლოოდ, ფორმაში დროთა განმავლობაში შევიდა და საკმაოდ კარგი სტატისტიკაც აჩვენა: 34 მატჩი, 11 გოლი და 6 საგოლე პასი. გიორგიმ დუბლი ერთხელ შეასრულა, „ოსერთან“, ხოლო თითო გოლი „ანჟერს“, პსჟ-ს, „რეიმსს“, „მონპელიეს“, „ლე ავრს“, „სტრაბურს“, „ოსერს“ (მეორე წრეში), „რენს“ და „ლანსს“ გაუტანა.
ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენის“ გავარდნის მიუხედავად, ჩინებული სეზონი ჰქონდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს მისი პირველი სეზონი იყო ტოპლიგაში: 33 მატჩი, 9 გოლი და 8 საგოლე პასი. ზურიკომ ჰეთ-თრიქიც გაიფორმა, ეს ოქტომბერში „ოსერთან“, დუბლი „ანჟერთან“, ხოლო „პსჟ-ს, „ლილს“, „სტრასბურსა“ და „მონაკოს“ თითო გოლი გაუტანა.
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს 17 იანვარს შეუერთდა და შესაბამისად, ლიგა 1-ში მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა. ამ პერიოდში მისი სტატისტიკა ურიგო სულაც არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა: 4 გოლი და 3 საგოლე პასი. მან დუბლი „ოსერთან“ შეასრულა, ხოლო თითო გოლი „მონაკოს“ და „სენტ ეტიენს“ გაუტანა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართველი ფეხბურთელების შედეგი „ოსერთან“ – 8 გოლი! ზურიკომ და მიქაუტაძემ 3-3 გოლი გაუტანეს ბურგუნდიელებს, ხვიჩამ - 2. დავითაშვილმა ჰეთ-თრიქი შეუსრულა, ჟორჟმა და კვარამ - დუბლი, ხოლო მიქაუტაძემ ორივე წრის მატჩში დაამწუხრა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ პირველ ადგილზე გავიდა, „ლიონი“ მეექვსეზე, ხოლო „სენტ ეტიენს“ მე-17 ადგილი ერგო და დაქვეითდა.