„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კერძოდ, იმაზე მოუწია საუბარი, თუ როგორ მოახერხა, ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ძალიან სწრაფად ადაპტირება და ინტეგრირება.
„ის არის ფეხბურთელი, რომლის დამატება გასული სეზონის წინაც გვინდოდა, თუმცა, შეუძლებელი იყო, გასულ ზაფხულსაც ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ზამთარში შესაძლებელი გახდა. მას ჰქონდა ინტელექტი და თავმდაბლობა, რომ მორგებოდა ყველაფერს, რასაც მისგან შეტევასა და დაცვაში ვითხოვდით. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თავდამსხმელები ყველაზე მეტ დაცვით დუელს იგებენ. როცა კვარას, დემბელეს, დუეს, ბარკოლას ან რამოშის დონის ფეხბურთელები ასე ახერხებენ დაცვას, როგორც გუნდი ბევრად უფრო ძლიერი ვხდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნოა ლიგა 1-ის გამარჯვებით დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერს ცვლიდა. თუმცა, ეს აძლიერებს ჩვენს მიზანს, რაც ყველა ტურნირის მოგებაა, რომელშიც ვმონაწილეობთ.
კვარას შემტევი უნარები? ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ წლებში ბევრ გოლს გაიტანს. მას კარგად ვიცნობდით, ნორმალურია, რომ ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ ყველამ იცის მისი თვისებები“, - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ის სეზონი კი, სადაც მხოლოდ იანვრიდან ითამაშა, 14 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1 84 ქულით (26 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება) პირველ ადგილზე დაასრულა. თუმცა, პსჟ-ს კიდევ აქვს ტიტულების მოგების შანსი: 24 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“, ხოლო 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.