იტალიის სერია B-ში სრული ქაოსია, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული სეზონი დასრულებულია.
საქმე ისაა, რომ „ბრეშას“ 4 ქულას დააკლებენ, რაც ყველაფერს შეცვლის. ლომბარდიულმა კლუბმა სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ 4 ქულის დაკლების შემდეგ ის გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება და სერია C-ში გავარდება, რაც ყველაფერს შეცვლის.
კერძოდ: თუ „ბრეშას“ 4 ქულას დააკლებენ, რისი შანსიც ძალიან დიდია, სერია B-ში პირდაპირ შეინარჩუნებს ადგილს გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“, რომელსაც წესით ამისთვის პლეი-აუტში უნდა ებრძოლა.
ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ პლეი-აუტში მაინც ითამაშებს, მაგრამ „ფროზინონეს“ ნაცვლად „სამპდორიას“ დაუპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ, შანსს იღებს ისტორიაში პირველად სერია C-ში გავარდნას თავი აარიდოს. „სამპა“ გასავარდნ ზონაშია „ბრეშას“ ქულების დაკლების გარეშე, მაგრამ თუ ლომბარდიელებს დასჯიან, სწორედ მას გადაასწრებს და პლეი-აუტის ზონაში აღმოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ „ფროზინონე“ – „სალერნიტანას“ პლეი-აუტის მატჩები, რომლებიც 19-26 მაისს იყო დაგეგმილი, ოფიციალურად გადაიდო, უცნობია როდემდე და დიდი ალბათობით, ეს მატჩები არც შედგება, რადგან „ფროზინონე“ გადარჩება, ხოლო „სალერნიტანა“ „სამპდორიას“ შეხვდება.
სხვათა შორის, ლოჩოშვილის გუნდს გენუელებთან ის უპირატესობა ექნება, რომ ორი მატჩის ჯამში ფრე ეყოფა, საპასუხო შეხვედრასაც შინ გამართავს. შედარებისთვის, „ფროზინონესთან“ ეს უპირატესობები სალერნოელებს არ ექნებოდათ.
მოკლედ, იტალიურ ფეხბურთში მორიგი ქაოსი და სკანდალია.