ფეხბურთი

1:40 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: " როდესაც აქ ჩამოვედი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა" (+VIDEO)
"ვალენსიამ" შექმნა ჩემი, როგორც მეკარის კარიერა"

„ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „ბილბაოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ, რომელიც მისთვის „ღამურებში“ „მესტალიაზე“ ბოლო იყო, კომენტარი გააკეთა.

„რთული საღამოა, ძალიან აღელვებული ვარ. „ვალენსიას“ გარეშე ის არ ვიქნებოდი, ვინც დღეს ვარ, ყოველთვის ჩემს გულში იქნება. თანაგუნდელებმა წარმატებები მისურვეს. ჩვენი მიზანი ლა ლიგაში დარჩენა იყო, ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ მიზანს მივაღწიეთ. ევროზონაში მოხვედრის შანსიც გვქონდა, თუმცა იმედია, მომდევნო სეზონში „ვალენსია“ ევროტურნირებზე გავა. ხაუმე? ის გენიოსია, შესანიშნავი ადამიანი და მეკარე. ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის მეხმარებოდა“, - უთხრა გიორგიმ Movistar-ს.

შემდეგ მან კომენტარი VCF Media-სთანაც გააკეთა, სადაც დაახლოებით იგივე შინაარსის მესიჯები ჰქონდა:

„ჩემთვის ძალიან ემოციური საღამო იყო. „ვალენსიაში“ წარმოუდგენელი 4 წელი გავატარე, მძიმე შრომით, ბევრი კარგი და ცუდი დღით, მაგრამ ეს 4 წელი ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანია. მინდოდა, კლუბში ყველასთვის მადლობა გადამეხადა, ყველა თანაგუნდელისთვის, ვინც კი მყოლია.

„მესტალიას“ ოვაციები ძალიან ამაღელვებელია, 4 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შეჯამებაა. სიმართლე ისაა, რომ როდესაც აქ ჩამოვედი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს დღე დადგებოდა. „ვალენსიამ“ ჩემი, როგორც მეკარის კარიერა შექმნა. ძალიან ვამაყობ, რომ ეს კარი დავიცავი. მინდა, თანაგუნდელებს წარმატებები ვუსურვო და მადლობა ხაუმეს, რომელიც შესანიშნავი ადამიანი და მეკარეა. ამ წლების განმავლობაში ძალიან დამეხმარა, ადვილი არ იყო ჩემთვის, მაგრამ ის 4 წლის განმავლობაში გვერდში მედგა და მეხმარებოდა“, - თქვა მამარდამ.

გიორგი „ვალენსიას“ სოციალურ ქსელში ღია წერილითაც დაემშვიდობა:

„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები. დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 2021 წლიდან მან ესპანურ გუნდში მთლიანობაში 133 მატჩი ჩაატარა. „ვალენსია“ სეზონს 25 მაისს, „ბეტისთან“ საგარეო მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.18158
სარეკლამო ადგილი - 99
X x X