ფეხბურთი

21:30 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

აიხნერი: "ზივზივაძე რომ შეგვენარჩუნებინა, ბუნდესლიგაში აღზევების შანსი უფრო მაღალი იქნებოდა"

„კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა სეზონის შემაჯამებელ ინტერვიუში ბუდუ ზივზივაძეზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, სეზონის შუაში ბუდუ რომ შეენარჩუნებინათ, ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი უფრო მაღალი იქნებოდა:

„სეზონის მეორე ნახევრის მიმდინარეობისას ეს თემა სულ უფრო და უფრო უკანა პლანზე გადავიდა. თუმცა, ასევე აშკარაა და ეს ნორმალურიცაა, რომ ამ გაყიდვამ მატჩებში თავი არაერთხელ იჩინა. რა თქმა უნდა, ბუნდესლიგაში გადასვლის ან მესამე ადგილის შენარჩუნების შანსი უფრო დიდი იქნებოდა, ბუდუ რომ შეგვენარჩუნებინა. მაგრამ ასევე ეკონომიკური ასპექტიც იყო, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა.

მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე გიპასუხებთ, არ ვიცი, როგორ წარიმართა მოლაპარაკებები ან რა იყო ზუსტი შინაარსი. ბუდუსთან კარგად ვითანამშრომლე და ამ თვალსაზრისით არ გამოვრიცხავდი მის დარჩენას, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ისეთივე სპეკულაციაა, როგორც კითხვა, შევძლებდით თუ არა, მასთან ერთად აღზევებას“, - თქვა ეიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ მაისურით 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. პირველი წრის შემდეგ გუნდი მესამე ადგილზე იყო, მაგრამ ქართველი ფორვარდის წასვლის შემდეგ ჩავარდნა დაეწყო, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. საბოლოოდ, „კარლსრუე“ 52 ქულით მერვე ადგილზე გავიდა: 9 ქულით ჩამორჩა პირველ ადგილს, 7 ქულით მეორე პოზიციას, ხოლო 6 ქულით პლეი-ოფის ზონას - მესამე ადგილს.

ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით ბუნდესლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ქართველ შემტევსა და მის გუნდს ლიგაში დასარჩენად 22-26 მაისს, „ელვერსბერგთან“ ორმატჩიანი დუელი ელოდებათ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.174464