„ნაპოლი“ შესაძლოა მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბაროს. ანტონიო კონტეს მომავალი ნეაპოლურ გუნდში ბუნდოვანია, არა შედეგების გამო, არამედ, თავად იტალიელმა სპეციალისტმა შეიძლება აღარ მოინდომოს აურელიო დე ლაურენტისთან მუშაობა.
კონტეს დაბრუნება „იუვენტუსს“ სურს, რაზეც არც თავად სპეციალისტი იქნება უარზე, რადგან „იუვეში“ დაბრუნებას ის დიდი ხანია ცდილობს.
როგორც ალფრედო პედულა იტყობინება, დიდი შანსია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კონტემ პოსტი დატოვოს. სწორედ ამიტომ, დე ლაურენტისი უკვე შეხვდა ალეგრის, რომელსაც მის შემცვლელად განიხილავს.
თავის მხრივ, ალეგრი, რომელსაც ერთი წელია არ უმუშავია, მზადაა დაბრუნდეს და იტალიური კლუბებისგან შეთავაზებებს ელოდება, მათ შორის, „ნაპოლიდან“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ძალიან ახლოსაა სკუდეტოს მოგებასთან, ამისთვის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „კალიარი“ უნდა დაამარცხოს.