„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ შემადგენლობაში 25-26 ფეხბურთელის ყოლა არ სურს და თუ ხელმძღვანელობა მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, კლუბს დატოვებს.
„კლუბს ვუთხარი, რომ შემადგენლობაში ამდენი ფეხბურთელი არ მინდა. არ მსურს, ხუთი ან ექვსი ფეხბურთელის ტრიბუნაზე დატოვება. უფრო მოკლე შემადგენლობა მჭირდება, თუ არადა, წავალ. ჩემი ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვება სულს მიმძიმებს, ჩემთვის აუტანელია, როცა მათ თამაშის საშუალებას ვერ ვაძლევ. არ მინდა, 24, 25 ან 26 ფეხბურთელი მყავდეს გუნდში, როცა ყველა ფორმაშია. თუ ტრავმები იქნება, არა უშავს, აკადემიაში გვყავს ბიჭები და მათ გამოვიყენებთ. ბევრი ფეხბურთელით მათ შორის კავშირიც იკარგება და ნაწილობრივ, ამ სეზონში ის უკვე დავკარგეთ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა.