„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 10 დღით ადრე მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. ეს მოხდა უეფას მედიის დღის ეგიდით და ესპანელმაც ვრცლად ისაუბრა სხვა და სხვა თემაზე.
ლიგის ფინალამდე საფრანგეთის თასის ფინალი
„ჯერ საფრანგეთის თასის ფინალია და ეს იქნება იდეალური მოსამზადებელი ეტაპი მეორე ფინალისთვის. ზეწოლას ნორმალურად და მშვიდად უნდა გავუმკლავდეთ. ამ სეზონში ბევრი ტანჯვა განვიცადეთ, მაგრამ გამოცდილება გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ ამ ზეწოლას. გვინდა გავაკონტროლოთ ის, რისი კონტროლიც შეგვიძლია. ფინალი განსხვავებულია, ასეთი ტიპის მატჩების თამაში ხშირად არ გიწევს, შენს გარშემო ყველაფერი განსხვავებულია, დიდი წნეხია და ამ მომენტის მართვა გიწევს“.
პსჟ-სთვის შესაფერისი წელი
„არ ვიცი, ვინ მოიგებს ფინალს, მე მკითხავი არ ვარ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დნმ, საუკეთესო თამაშის ჩვენება და ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებით ისტორიის დაწერა. თუმცა, არის კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც ფინალში იგივე მიზანი აქვს, რაც ჩვენ“.
„ბარსელონა“ – „ინტერის“ ნახევარფინალებზე
„ორი ძალიან ლამაზი მატჩი იყო, როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე, მწვრთნელისთვის. უფრო მეტი გოლი გავიდა, ვიდრე მეგონა, გავიდოდა. „ინტერი“ ძალიან ძლიერია სტატიკურ შეტევაში, სტანდარტულებში. იმედი მაქვს, რომ ფინალი ასეთი გახსნილი თამაში არ იქნება“.
ფინალში დაბრუნება 10 წლის შემდეგ
„ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა რთულია. „ბარსელონაში“ გაწეული სამუშაო განსაკუთრებულ იყო, შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ შეუძლებელიც: ყველა ამბობდა, რომ იმ „ბარსასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ადვილი იყო. თუმცა, ძალიან რთული იყო. პსჟ-ში პროექტი განსხვავებულია, დავიმატეთ ის ფეხბურთელები, რომელთა დამატება გვინდოდა, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს, რომლებიც გუნდური მენტალიტეტით თამაშობენ, რაც დღეს ფეხბურთში ძალიან იშვიათია“.
დაცვაში გაუმჯობესება
„მთავარია, თუ როგორ იცავენ თავს თავდამსხმელები, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული კონცეფციაა, რადგან საჭიროა აზროვნების შეცვლაც. ჩვენს ყველა თავდამსხმელს აქვს ის მენტალიტეტი, რაც გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზუსტად იგივეს ვითხოვთ მეკარისა და მცველებისგან, რომ შემტევს ბურთი შესაძლო საუკეთესო პირობებში მიაწოდონ. გუნდური მუშაობა ამ ორ სეზონში გადამწყვეტი იყო“.
გუნდურობა ინდივიდებზე წინ
„გასულ სეზონთან შედარებით მეტი გოლი გავიტანეთ, მეტმა ფეხბურთელმა გააკეთა საგოლე პასი. ბევრმა ფეხბურთელმა გაიტანა ან საგოლე პასი გააკეთა, რაც ძალიან მიხარია, რადგან მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული. თუმცა გასულ სეზონშიც ნამდვილი გუნდი ვიყავით. კი, შარშანაც გუნდურად ვთამაშობდით, ეჭვგარეშეა. არ დაგავიწყდეთ, რომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვითამაშეთ“.
პსჟ ვარსკვლავის გარეშე?
„ჩემი აზრით, ამ გუნდში ბევრი ვარსკვლავია, რომლებიც გუნდს ემსახურებიან და არა - პირიქით. გამიმართლა, რომ მაღალი დონის მოთამაშეები მყავს, ყველაფერი გუნდისთვის კეთდება და ჩემთვის ესაა მთავარი. არ შეიძლება მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე იყო დამოკიდებული“
„ინტერი“
„მრავალი წელია „ინტერი“ მაღალ დონეზე თამაშობს, სხვა გუნდებისგან განსხვავებული სტილი აქვს, ნამდვილი გუნდია, რადგან ყველა გუნდურად მუშაობს, მაგრამ შესანიშნავია ინდივიდუალურადაც. თუმცა, ჩვენს წინააღმდეგაც თამაში რთულია. ფიზიკურად ისინი ჩვენზე ძლიერები არიან, სტანდარტულებს ძალიან კარგად იყენებენ. ფურცელზე, ფიქრობ, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის ფინალია“.