ფეხბურთი

19:49 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "მთელი სეზონის განმავლობაში უდიდეს წნეხს ვგრძნობდი, ყველაფერს მე მიკავშირებდნენ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სეზონში ბოლო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელმა სპეციალისტმა „კალიარისთან“ შეხვედრამდე ბევრ თემაზე ისაუბრა:

„ასეთი მატჩის წინ დიდ სურვილს გრძნობ, რომ მოედანზე გახვიდე და ითამაშო. რა თქმა უნდა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ნეაპოლელ ხალხს რაღაც ისტორიული ვაჩუქოთ.

ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ ჩემპიონატებს ისინი იგებენ, ვინც მეტი აჩვენა და დაიმსახურა, რადგან მოკლე ტურნირებისგან განსხვავებით 38 თამაშზე ვსაუბრობთ. თუ მოკლე ტურნირებში ბევრი ფაქტორია, რომელშიც შეიძლება გაგიმართლოს ან არ გაგიმართლოს, წილისყრა, დისკვალიფიკაციები, ტრავმები, 38-მატჩიან ტურნირში შედეგებსა და თამაშში სტაბილურობა გჭირდება. 38 მატჩი ბევრია იმის დასადგენად, თუ ვინ იმსახურებს გამარჯვებას.

შემიძლია ვიყო გამარჯვებების სპეციალისტი, მაგრამ ასევე დამარცხებებისაც, რაზეც ჩემი კარიერა მეტყველებს. როგორც ფეხბურთელს, 6 ფინალი მაქვს წაგებული, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის, თითოჯერ უეფას თასის, მსოფლიოს ჩემპიონატის და ევროპის ჩემპიონატის. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრია. ვცდილობ, მაქსიმალურად ვეცადოთ ყველაფრის გაკეთება და თუ ეს გამარჯვებამდე მიგვიყვანს, კმაყოფილები ვიქნებით. თუმცა, არ მინდა, ვინმემ დაივიწყოს, რომ ჩემს კარიერაში გამარჯვებების გარდა, დამარცხებებიც იყო.

ვწუხვარ, რომ ბოლო მატჩში დისკვალიფიცირებული ვარ, რადგან ამ დროს გუნდთან ყოფნა ყველას უნდა, მაგრამ ჩემს სტაფს ვენდობი. ტრიბუნებზე ვიქნები, თუმცა ჩემი გული სათადარიგო სკამზე იქნება. უფრო სწორად, ორი გული მექნება: ერთი სათადარიგო სკამზე და მეორე ტრიბუნებზე.

„კალიარისთან“ ორივე ფაზაში, შეტევასა და დაცვაში კარგად, ერთად უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამან მოგვიყვანა იქამდე, რომ ახლა რაღაც განსაკუთრებულზე საუბარი შეგვიძლია. უნდა დავამთავროთ ის, რაც დავიწყეთ, საქმე დასამთავრებელია. ეს მატჩი გაარკვევს, ჩვენი სეზონი ძალიან კარგი იყო თუ ბრწყინვალე.

ჩემთვის ძალიან, ძალიან მომთხოვნი სეზონი იყო. დიმაროში პრეზენტაციის დროს ვთქვი, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამდენი პატივისცემა მივიღე, რაღაცის გაცემის გარეშე. ჩემთვის კი, უპირობო პატივისცემის მიღება რაღაცის დამტკიცების და ჩვენების გარეშე, მუხტის გარდა, ძლიერი წნეხიც იყო. დიდ სიმძიმეს და წნეხს ვგრძნობდი ამ სეზონში, ეს უდავოა. ამბობდნენ, რომ ყველაფერი, რაც გაკეთდა, კონტესთვის გაკეთდა, ჩემთვის ეს აბსურდია, რადგან ყველაფერი „ნაპოლისთვის“ გაკეთდა. ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვცდილობდი, სპორტული ზრდისთვის იყო საჭირო.

ჩემთვის ძნელია ნეაპოლელი გულშემატკივრებისთვის რამის თქმა. ფეხბურთელები, მწვრთნელები და მფლობელები შეიძლება შეიცვალონ, მაგრამ რაც არასდროს შეიცვლება, ეს არის ამ ადამიანების უსაზღვრო სიყვარული „ნაპოლის“ მიმართ”, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „კალიარის“ 23 მაისს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში მეოთხედ გახდება იტალიის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103462