„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, ახლა მხოლოდ ამ მატჩზე არიან კონცენტრირებული და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მხოლოდ „რეიმსთან“ შეხვედრის შემდეგ იფიქრებენ:
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. მზად ვართ. სეზონის ამ პერიოდში ყოფნაზე ვოცნებობდით. კარგად მომზადებულები ვართ. ვარჯიში ინტენსიურია, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები ვართ. ვიცით საფრანგეთის თასი თუ რა მნიშვნელოვანია „პარი სენ-ჟერმენისთვის“ და საფრანგეთისთვის. ამ ტურნირის მოგება შესანიშნავია. ყოველთვის ძალიან მომთხოვნი ვიყავი საკუთარი თავის მიმართ. ამდენი ტიტულის მოგება ადვილი არ არის. ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო ჩემს თანაგუნდელებს. მწვრთნელიც ძალიან მომთხოვნია. ახლა ცვლილებების დრო არ არის, ახლა ორი ტიტულის მოგებაა საჭირო, რომ ეს ლამაზი საქმე სრულფასოვნად დასრულდეს.
გვსურს ამ ფინალის მოგება, ეს მომავალი კვირისთვის საუკეთესო მომზადებაა. ძალიან სასიამოვნოა ფინალის „სტად დე ფრანსზე“ თამაში. ვიცი, რა ლამაზია ეს, მინდა ეს ჩემს თანაგუნდელებს გადავცე. თითოეული ტურნირის ფინალში გასვლა გვინდოდა, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული კარგად დასრულება. შაბათს გამარჯვება გვინდა.
ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს, კლუბების რეიტინგის მიუხედავად. სწორედ ეს არის თასის არსი: სუსტ გუნდებს შეუძლიათ გამარჯვება. რამდენიმე რთული მატჩი გვქონდა. ჩვენზეა დამოკიდებული, კარგად მივუდგეთ ამ მატჩს, რათა არანაირი სირთულე არ შეგვქმნას. თუ ჩვეულებრივად ვითამაშებთ, მთელი კონცენტრაციით, ვფიქრობ, გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს. თუმცა, ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
გვექნება დრო, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვისაუბროთ. ამაზე უფრო მეტად ჩვენი ჯგუფის გარეთ საუბრობენ, ვიდრე შიგნით. არ უნდა გავებათ ამ ხაფანგში. უნდა ვითამაშოთ ეს პირველი მნიშვნელოვანი ფინალი. ეს არის მწვრთნელის გზავნილიც. კარგად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის. ვიცით, რამდენად საინტერესოა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, მაგრამ ამ მატჩზე არ უნდა ვიფიქროთ შაბათის ფინალის დასრულებამდე. ახლა თასის ფინალზე ვართ კონცენტრირებულები.
ლუის ენრიკემ თავისი იდეები ნელ-ნელა განახორციელა, მოახერხა ჩვენი თამაშის, დაცვისა და შეტევის გაუმჯობესება. ის ალტერნატივებს გვთავაზობს. ვიცით, როგორ დავიცვათ თავი, თუ გუნდი გარკვეული გზით შეუტევს. ამისთვის მზად ვართ. მან ასევე ბევრი იმუშავა მოთამაშეების მენტალურ ასპექტზე, მოტივაციაზე, მომზადებასა და დამოკიდებულებაზე. აგრეთვე, ძალიან მომთხოვნია. ის შესანიშნავი მწვრთნელია“, - თქვა მარკინიოსმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ „რეიმსს“ 24 მაისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ინტერთან“ 31 მაისს ელოდება. 15 ივნისიდან პსჟ უკვე
შეგახსენებთ, რომ პსჟ „რეიმსს“ 24 მაისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ინტერთან“ 31 მაისს ელოდება. 15 ივნისიდან პსჟ უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.