ფეხბურთი

20:35 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "სანამ დათვის ტყავს გაყიდი, მანამდე მისი მოკვლაა საჭირო"
"ჯერ თასის ფინალი გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ახლა ფიქრი სასაცილოა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ახლა მხოლოდ ამ ფინალზე უნდა იფიქრონ და ყურადღება სხვა რამეზე არ უნდა გადაიტანონ, მათ შორის, არც ჩემპიონთა ლიგის ფინალზე.

„კამპოშთან კონტრაქტის განახლება საუკეთესო სიახლეა, უდავოდ. ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. კარიერის განმავლობაში სპორტულ დირექტორებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ პირველივე დღიდან ვგრძნობ კავშირს ლუიშ კამპოშთან. ეს ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ მისთვის და კლუბისთვის. ის ამას იმსახურებს. ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

პირველ რიგში, დათვის ტყავის გაყიდვამდე, ჯერ ის უნდა მოკლა. პირველივე დღიდან ჩვენი სურვილი ისტორიის შექმნა იყო და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. 9 დღე დარჩა, შემდეგ კი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატია, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ფინალში მონაწილეობა გვინდოდა და აი, აქ ვართ. ახლა ყველაზე რთული ნაწილი მოდის. ძალიან მოტივირებულები ვართ.

ვფიქრობ, ეს ძალიან მარტივია, რადგან ყველა პროფესიონალმა მოთამაშემ იცის, რომ თასის ფინალში თამაში ძალიან განსაკუთრებულია, ძალიან განსხვავდება ჩემპიონატისგან. გულშემატკივრები 50/50-ზე არიან, ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი დრო და პენალტებია. ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს.

„სტად დე ფრანსზე“ ჩემი პირველი მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ იყო და 0:1 წავაგეთ. მაგრამ ყველაფერი სწრაფად ვითარდება, იმ დროს ვერავინ იტყოდა, რომ აქ ასე დავბრუნდებოდი. სწორედ ეს არის ფეხბურთის სილამაზე. ახლა ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის და მათზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.

კვირაში მხოლოდ ერთი მატჩი? არ ვიცი, დადებითია თუ უარყოფითი. ერთ შემთხვევაში, დადებითი შეიძლება იყოს, მეორე შემთხვევაში - არა, რადგან სათამაშო დროის მართვა გვიწევს. როდესაც კვირაში ორი მატჩი გაქვს, ვარჯიშებზე დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, მაგრამ არ ვიცი, დადებითი იქნება თუ უარყოფითი. ვცდილობ, ჩვენს გრაფიკში დადებითი მხარეები დავინახო, რათა საუკეთესო პირობებში შევხვდეთ ორივე ფინალს.

კონკრეტულად რომელიმე მოთამაშესთან არ მისაუბრია, რომ ჯერ ლიგის ფინალზე არ იფიქროს. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი მნიშვნელოვანი ფინალი ხვალინდელია. ისინი ამ გზავნილს თავადვე ხვდებიან. ვიცით, სად ვართ და სად გვინდა წასვლა. სასაცილო იქნებოდა 31 მაისზე ფიქრიც კი.

„რეიმსის“ წინააღმდეგ ვთამაშობთ, რომელიც ამ სეზონში ვერ დავამარცხეთ. მათ წინააღმდეგ ბოლო ექვსი თამაშიდან ერთი მოგება და ხუთი ფრეა. ყურადღების გადატანა არ შეიძლება.

ფრთხილად უნდა იყოთ, რომ წონასწორობა შეინარჩუნოთ. აუცილებელია ბალანსის პოვნა მობილურობასა და სტაბილურობას შორის. ამ სეზონში ეს ასპექტი გავაუმჯობესეთ. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეები მყავს, რომლებმაც იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამას“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ „რეიმსს“ 24 მაისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ინტერთან“ 31 მაისს ელოდება. 15 ივნისიდან პსჟ უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093247