„ნაპოლიმ“ სერია A-ს ბოლო ტურში „კალიარი“ დაამარცხა (2:0) და იტალიის ჩემპიონი გახდა. ანტონიო კონტეს გუნდმა კარგად შეირგო მთელი სეზონის განმავლობაში „ინტერისგან“ ბოძებული საჩუქრები, მათ შორის წინა ტურში, როცა „ინტერმა“ „ლაციოს“ ვერ აჯობა.
მოკლედ, ბოლო ტურის წინ ყველაფერი ისევ „ნაპოლის“ ხელში იყო, შინ „კალიარი“ უნდა დაემარცხებინა და სკუდეტოს მოიგებდა. კონტეს გუნდმა ამჯერად შეცდომა აღარ დაუშვა, მოახერხა მიზნის მიღწევა, მიზნის, რომლისკენ სწრაფვას ანტონიო კონტე ღიად არასდროს აღიარებდა.
„ნაპოლიმ“ წინა სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა, ეს სეზონიც კატასტროფულად დაიწყო, როცა სტუმრად „ვერონასთან“ 0:3 განადგურდა, მაგრამ შემდეგ კონტემ გუნდი შეცვალა, ეს გახდა დისციპლინირებული მანქანა, ნაკლებად მიმზიდველი, მაგრამ გამართული.
„ნაპოლი“ ბოლო ტურის წინ ერთქულიან უპირატესობას ფლობდა და „კალიარისთან“ გარკვეული დროის განმავლობაში ნერვიულობა მოუწია. მაგალითად, 42-ე წუთამდე, სანამ ანგარიშს გახსნიდა. ნერვიულობამ მაშინ იმატა, როცა პარალელურად, „ინტერმა“ „კომოსთან“ დაწინაურება მოახერხა და იმ მომენტისთვის გალიდერდა.
თუმცა, ამ სეზონში „ნაპოლის“ მთავარი სახე სკოტ მაკტომინეი იყო და სწორედ ის მოევლინა კიდევ ერთხელ გმირად გუნდს. 42-ე წუთზე შოტლანდიელმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, მაშინ, როცა გოლს არაფერს მოასწავებდა და „ნაპოლის“ ყველანაირი წნეხი მოუხსნა. ეს უკვე ფრთების შესხმა იყო, ეს უკვე პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში რომელუ ლუკაკუმაც მოახერხა გოლის გატანა, ბელგიელმაც მაგარი გოლი შეაგდო, სხვაობა ორამდე გაზარდა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, მხოლოდ სიმღერის, ზეიმის ხმა და მასშტაბი იცვლებოდა. ნეაპოლში ჩემპიონობას ზეიმობენ, ისე, როგორც 1987, 1990 და 2023 წლებში.
„ნაპოლიმ“ პირველი ადგილი 82 ქულით დაიკავა და ქულით გაასწრო „ინტერს“, რომელიც თავიდან უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა. ანტონიო კონტე მწვრთნელის რანგში მეხუთედ გახდა იტალიის ჩემპიონი, სამჯერ „იუვენტუსი“ გააჩემპიონა, თითოჯერ „ინტერი“ და „ნაპოლი“.
ხვიჩა კვარაცხელიამაც სოლიდური წვლილი შეიტანა ჩემპიონობაში - 17 მატჩი, 5 გოლი და 3 საგოლე პასი. თუმცა, როგორც სერია A-ს რეგლამენტი ამბობს, იანვარში გუნდიდან წასული ფეხბურთელები ჩემპიონები ვერ გახდებიან, მხოლოდ ისინი, ვინც ჩემპიონობის მომენტში შემადგენლობაში არიან რეგისტრირებული.
„ინტერმა“ „კომო“ 2:0 დაამარცხა, მაგრამ ეს სიმონე ინძაგის გუნდს არაფერში წაადგა, სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. საერთოდაც, შიდა ასპარეზზე ტიტული ვერ მოიპოვა, ახლა ბოლო და მთავარი იმედი დარჩა - ჩემპიონთა ლიგა.
ნეაპოლში კი, ზეიმის დროა, ნეაპოლი ზეიმობს, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია.
ანტონიო კონტე სერია A-ში სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, სეზონის MVP კი, სკოტ მაკტომინეი გახდა. სხვათა შორის, კონტე პირველი მწვრთნელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი სამ სხვადასხვა გუნდს მოაგებინა.