„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „კალიარისთან“ გამარჯვების (2:0) და იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ისაუბრა.
მან თავის მომავალზე დასმულ შეკითხვას, დარჩება თუ არა გუნდში, პირდაპირ არ უპასუხა. პირიქით, ეჭვები გააძლიერა, რადგან პირდაპირ მიანიშნა, რომ მას და პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სხვადასხვა ხედვა აქვთ.
„ყველაფრით ვტკბებით, მე პრეზიდენტთან და მის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ამ წელს კიდევ უფრო კარგად გავიცანი. ახლა ერთად ვზეიმობთ. ორივე ცხადია, რომ გამარჯვებულები ვართ, შეიძლება განსხვავებული სტილის, მაგრამ ორივეს გვაქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი“, - თქვა კონტემ DAZN-ის პირდაპირ ეთერში.
შემდეგ ანტონიო ჟურნალისტების წინაშე პრესკონფერენციაზე წარსდგა, სადაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„როდესაც სტადიონზე მოვედით და ამდენი ხალხი დავინახე, ვიფიქრე, რა იმედგაცრუება იქნებოდა, თუ მათ სახლში სკუდეტოს გარეშე გავუშვებდით. ძალიან დიდ წნეხს ვგრძნობდი, ფეხბურთელი მეც ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს, ასეთი ზეწოლა.
რომელი მატჩი იყო გარდამტეხი? „ინტერთან“ ფრე. ბილინგის გოლის შემდეგ ვთქვი, რომ თუ გვინდოდა, შეგვეძლო! ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ინტერთან“ რომ წაგვეგო, გაიქცეოდა და მისი დაწევა შემდეგ შეუძლებელი იქნებოდა.
იანვრიდან მოყოლებული ამდენი სირთულის მიუხედავად, ჩემპიონები ვართ, რაღაც დაუჯერებელი და საოცარი გავაკეთეთ. ეს ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც არასდროს ნებდებოდნენ. ბევრი ფეხბურთელი დაშავდა, იანვარში ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ მაინც შევძელით. ეს ყველას სკუდეტოა, სკუფეტის, რაფა მარინის, მაცოკის, ძირითადი შემადგენლობის წევრების, ყველასი, ვინც ყოველთვის მზად იყო და ჩემი მადლობა მათ.
გამარჯვება ყოველთვის ლამაზია, გაწეულ შრომას და თავგანწირვას გიფასებს. გამარჯვება ლამაზია, მაგრამ ისეთ ადგილას, როგორიც ნეაპოლია, გამარჯვება ადვილი არასდროს ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება. „ნაპოლიში“ მეოთხე სკუდეტოს მოგება რაღაც განსაკუთრებულია. უნდა დავტკბეთ, რადგან ყველა თვალსაზრისით ძალიან რთული სეზონი იყო. ეს გამოწვევა მჭირდებოდა, ერთად მოვიგეთ. დავრჩები გუნდში? მოდი, ახლა ერთად აღვნიშნოთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ მეექვსედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი: 5-ჯერ იტალიის (სამჯერ „იუვენტუსში“, თითოჯერ „ინტერსა“ და „ნაპოლიში“), ხოლო ერთხელ ინგლისის („ჩელსიში“).