მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „სოსიედადი“ 2:0 დაამარცხა.
კილიან მბაპემ პენალტი გააცუდა, თუმცა დუბლი შეასრულა და „სამეფო კლუბს“ მოაგებინა.
ამ მატჩში შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი კარლო ანჩელოტის და ლუკა მოდრიჩის გაცილება იყო: „მადლობა კარლეტო“, „მადლობა ლეგენდა“ - ამ გზავნილებით გააცილეს ფანებმა იტალიელი მწვრთნელი და ხორვატი ნახევარმცველი.
ანჩელოტისთვის ეს ბოლო მატჩი იყო „რეალში“, მოდრიჩისთვის არა, ის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც ითამაშებს, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი, ბოლოჯერ ითამაშა და ამიტომაც გააცილეს.
კილიან მბაპემ ლა ლიგაში სადებიუტო სეზონში 31 გოლი გაიტანა და უდიდესი ალბათობით, "პიჩიჩის" მფლობელი გახდება, რადგან უახლოეს მდევარ რობერტ ლევანდოვსკის 6 გოლით უსწრებს.
მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგა 84 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო ივნისში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ალ-ჰილალს“, „პაჩუკას“ და „ზალცბურგს“ შეხვდება.