დღეს, 24 მაისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. გორის „დილა“ „კოლხეთს“ ფოთში ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. „ქართულ კლასიკოში“ კი „დინამომ“ „ტორპედოს“ 2:0 მოუგო. ეს საქართველოს ჩემპიონატებში „დინამოს“ რიგით 50-ე გამარჯვება გახლდათ „ტორპედოს“ წინააღმდეგ.
ანგარიში მე-8 წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გახსნა. 52-ე წუთზე კი ბრაზილიელმა ლეო ასუნსეუმ მეორედ აიღო ქუთაისელთა კარი. ამრიგად, დინამოელებმა „ტორპედოს“ ზედიზედ ხუთმოგებიანი სერია შეყვიტეს, 29 ქულა მოაგროვეს და ისევ მესამე ადგილზე დაბრუნდნენ. 27-ქულიანი „ტორპედო“ კი მეხუთე ადგილზეა, თუმცა მეოთხე საფეხურზე მდგარ „ბათუმსაც“ ამდენივე ქულა აქვს და იმერლებს ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით უსწრებს.
საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო, რის გამოც მსაჯმა 9 ფეხბურთელს უჩვენა წითელი ბარათი: 5 "დინამოს" წარმოადგენს, 4 - "ტორპედოს".