ფეხბურთი

0:52 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშა: პსჟ-მ საფრანგეთის თასი მოიგო

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასი მოიგო. „სტად დე ფრანსზე“ გამართულ ფინალში პარიზელებმა „რეიმსი“ ძალიან ადვილად დაამარცხეს - 3:0.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, უფრო სწორად კი, მე-19 წუთისთვის, როცა ბრედლი ბარკოლამ დუბლი შეასრულა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასი დეზირე დუემ გააკეთა. ტაიმის მიწურულს ბარკოლამ გოლებს საგოლე პასი დაუმატა და აშრაფ ჰაკიმიმ სხვაობა სამამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში თამაში ფორმალობა იყო, პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ენერგია დაზოგეს, "რეიმსს" უბრალოდ არ შეეძლო რაღაცი შეცვლა. საბოლოოდ, პსჟ-მ 3:0 მოიგო და მორიგი ტიტული მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატჩისწინა გახურებაზე თავის ტკივილი იგრძნო, რის გამოც მისი ადგილი დუემ დაიკავა და ხვიჩას ფინალში არ უთამაშია. ჯერჯერობით, უცნობია კვარას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის თამაშის დასრულებას არ დაელოდა, სტადიონი დატოვა და სახლში გაეშურა.

პსჟ-მ საფრანგეთის თასი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი, მე-15-ედ მოიგო. ლუის ენრიკეს გუნდმა წელს უკვე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი და საფრანგეთის თასი, წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, 31 მაისს, „ინტერის“ წინააღმდეგ, ხოლო 14 ივნისიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომლის ჯგუფურ ეტაპზე „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლით, 5 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ის სეზონი კი, სადაც მხოლოდ იანვრიდან ითამაშა, 14 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით დაასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენში“ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული და საფრანგეთის თასი უკვე მოიგო.

პსჟ-ს საფრანგეთის თასის მოგებით "ლიონი" ევროპა ლიგაზე გავიდა, ხოლო "სტრასბური" კონფერენს ლიგაზე.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088531